პროფ. თენგიზ ირემაძე (თბილისი)

პროფ. ჰელმუტ შნაიდერი (კასელი/თბილისი)

 

ომისა და მშვიდობის სოციოლოგია

(სამეცნიერო-კვლევითი მოხსენებების სერია)

 

ომიმამა ყოველივესი?

მშვიდობასოციალური წესრიგის დედა!

 

ცნობილმა გერმანელმა სამხედრო თეორეტიკოსმა კარლ ფონ კლაუზევიცმა (1780-1831) ომს ნამდვილი ქამელეონი უწოდა, რადგან ის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში თავის ბუნებასა და ხასიათს იცვლის. სამწუხაროდ, ომი დღემდე ადამიანის ხანგრძლივი ისტორიის განუყოფელი ნაწილი აღმოჩნდა: იცვლება მისი წამოწყებისა და წარმართვის სახეები და ფორმები, თავად ომი კი მსოფლიოს პოლიტიკური და ეკონომიკური გა(და)ნაწილების ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებად რჩება. დღეს, გლობალიზაციის ეპოქაში, სულ უფრო და უფრო მძაფრი დავა-კამათი წარმოებს ძველი და ახალი ომებისა და ორგანიზებული ძალადობის ფორმების შესახებ. იქმნება არაერთი მნიშვნელოვანი მონოგრაფია და სამეცნიერო გამოკვლევათა კრებულები ადამიანური ყოფის ამ უძველესი პრობლემის თაობაზე. ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში თანამედროვე სოციოლოგიის ამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და აქტუალური მიმართულების შესახებ თითქმის არაფერია შექმნილი. არადა, ამ სფეროში შემავალი საკვლევი თემატიკა განსაკუთრებით აქტუალურია ჩვენთვის, რადგან ჩვენი რეგიონი (კავკასია) ომებისა და ეთნოკონფლიქტების მიხედვით, ერთ-ერთ ყველაზე ცხელ რეგიონად რჩება. აქედან გამომდინარე, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითმა ინსტიტუტმა თავის ერთ-ერთ პრიორიტეტად დასახა აღნიშნული პრობლემების საფუძვლიანი დამუშავება და, აქედან გამომდინარე, 2011-2012 წლების მიმდინარე სემესტრში დაიგეგმა სამეცნიერო-კვლევითი მოხსენებების სერია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართველი და უცხოელი მეცნიერები, სოციოლოგები, ფილოსოფოსები, მწერლები, სასულიერო პირები, საზოგადო მოღვაწეები და .. წინამდებარე სამეცნიერო-კვლევითი მოხსენებების სერიას ხელმძღვანელობას გაუწევენ: პროფ. თენგიზ ირემაძე (თბილისი) და პროფ. ჰელმუტ შნაიდერი (თბილისი/კასელი). აღნიშნული ღონისძიების საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში ამ სამეცნიერო ღონისძიების ხელმძღვანელებს დაეხმარებიან და, ასევე, უცხოელი სტუმრების მოხსენებებს ქართულ ენაზე თარგმნიან გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლები: ასისტ.-პროფ. გიორგი თავაძე და გიორგი ხუროშვილი. მოხსენებები წაკითხულ იქნება გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში.

 

საკვლევი დარგისა და კვლევითი მიმართულების შესახებ

 

ომის სოციოლოგიაპოლემოლოგია (ბერძ. პოლემოსომი, დავა-კამათი) – იკვლევს ომს, როგორც სოციალურ ფენომენს, მისი წარმოშობის მიზეზებს, ომის მსვლელობის პროცესში მიმდინარე სოციალურ ცვლილებებსა და ომის მიერ გამოწვეულ შედეგებს სოციალური, ეკონომიკური, დემოგრაფიული და იდეოლოგიური კუთხით. ასევე, ომის სოციოლოგიის საგანგებო შესწავლის საგანია ომის დაძლევისა და უარყოფის, მისადმი წინააღმდეგობის გაწევის მექანიზმების გამოკვლევა, ომის მონაწილეთამოძალადეების, მსხვერპლის, ჯარისკაცების, მშვიდობიანი მოსახლეობისა და მედიისსოციალური სტატუსისა და როლის დადგენა.

 

ტერმინი ომის სოციოლოგია 1929 წელს დამკვიდრდდა ცნობილი ჰოლანდიელი სოციოლოგის, რუდოლფ შტაინმეტცის (Rudolf Steinmetz) ამავე სახელწოდების მქონე ნაშრომის მიხედვით, ხოლო ტერმინი პოლემოლოგია კი პირველად 1945 წელს გამოიყენა ცნობილმა ფრანგმა სოციოლოგმა გასტონ ბუტულმა (Gaston Bouthoul).

 

ომის მიერ გამოწვეული მატერიალური ზარალისა და რელიგიური, პოლიტიკური და ფსიქოლოგიური ზეგავლენის ადეკვატური შეფასება, ასევე, მისი წარმომშობი მიზეზებისა და საფუძვლების განსაზღვრა დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული. სხვადასხვა საზოგადოებებისა და კულტურების მიხედვით, ომი განსხვავებულ სახეს იძენს, განსხვავებულია, ასევე, მისი წარმართვისა და მსვლელობის ფორმები. ამიტომ ომის სოციოლოგია ინტერდისციპლინარული კვლევის მეთოდს ანიჭებს უპირატესობას და ისეთი მეცნიერებების გზაგასაყარზე მკვიდრდება, როგორიცაა: სოციოლოგია, ეთნოლოგია, ეკონომიკა, სოციალური ფსიქოლოგია, სამართალმცოდნეობა, პოლიტიკური მეცნიერებები და ..

 

ომის სოციოლოგიის ფარგლებში დასმული მრავალწახნაგოვანი პრობლემების მეცნიერული კვლევა-ძიება და მათი ადეკვატური შეფასება მშვიდობის ფილოსოფიურ-სოციოლოგიური საკითხების გათვალისწინების გარეშე ცალმხრივი იქნებოდა. ამიტომ ომისა და მშვიდობის აქტუალური საკითხები მჭიდრო სოციოლოგიურ ჭრილში იქნება განხილული. წინამდებარე სამეცნიერო-კვლევითი მოხსენებების სერიას საფუძვლად უდევს მთავარი თეზისი, რომლის თანახმადაც ადამიანი (მისივე გონებრივი, რაციონალისტურ-პრაგმატული მოქმედების პრინციპებიდან გამომდინარე) მშვიდობისმოყვარე და მშვიდობისდამფუძნებელ არსებად უნდა იქნეს გააზრებული; ასე რომ, ადამიანმა საკუთარი მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად ომი, როგორც გადამწყვეტი ფაქტორი, უნდა უარყოს და გამორიცხოს.

 

 

პროგრამა

 

29 მარტი, 2012 .

პროფ. ჰელმუტ შნაიდერიმემკვიდრეობითი სამართალი და ფილოსოფია

(მოხსენება გერმანულ ენაზე ქართული თარგმანის თანხლებით)

 

19 აპრილი, 2012 .

 

პროფ. ჰელმუტ შნაიდერიალექსის დე ტოკვილი და გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი კოლონიებისა და კოლონიალიზმის შესახებ (მოხსენება გერმანულ ენაზე ქართული თარგმანის თანხლებით)

 

 

11 მარტი, 2013 წ.

პროფ. ქევინ თუითი – კავკასიის სოციალური გეოგრაფია

 

 

29 აპრილი, 2014 წ.

პროფ. მიხეილ გოგატიშვილი – “უბედური ცნობიერება ჰეგელთან და თავისუფლების გაუკუღმართებული სოციალური პრაქტიკები”

გაზიარება
დაბეჭდვა
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
11349141

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By