ENG
აქტივობის სახე: გრიგოლ რობაქიძის ხუთტომეულის განხილვა და ხუთტომეულის შემდგენლის, ლალი ცომაიასათვის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭება
თარიღი და დრო: 19/03/2013 - 13:00 / სამშაბათი
დეტალები:

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის ისტორიისა და გეოგრაფიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თაოსნობით, 19 მარტს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა გრიგოლ რობაქიძის ხუთტომეულის განხილვა, რომელიც „მაგთის“ მხარდაჭერით გამოსცა გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმმა. კრებული შეადგინა მუზეუმის საგამომცემლო განყოფილების ხელმძღვანელმა ლალი ცომაიამ. განხილვაში რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა გარდა მონაწილეობდნენ ქართული ლიტერატურის მუზეუმის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სხვა სამეცნიერო ცენტრების წამყვანი სპეციალისტები, პროფესორები, რობაქიძის შემოქმედებით დაინტერესებული მკვლევარები.

 

ქართული ემიგრაციის ისტორიისა და გეოგრაფიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ პაატა ნაცვლიშვილის შესავალი სიტყვის შემდეგ ვრცელი, საინტერესო მოხსენება წაიკითხა პროფესორმა რუსუდან ნიშნიანიძემ. სიტყვებით გამოვიდნენ: ქართული ემიგრაციის ისტორიის მკვლევარები: პროფესორი რუსუდან დაუშვილი, გიორგი მაჩაბლის სახელობის საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელი, პროფესორი ოთარ ჯანელიძე, ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის მუზეუმის ხელმძღვანელი რუსუდან კობახიძე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელი ეთერ ქავთარაძე; ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომლები – გრიგოლ რობაქიძის გერმანული თხზულებების მთარგმნელი მანანა კვატაია და პროფესორი ნონა კურპეიშვილი; გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი დალი ჩიკვილაძე, რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი მიხეილ გოგატიშვილი, რომელმაც რობაქიძის ხეთტომეულს მეგაგამოცემა უწოდა.

 

გამომსვლელებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ასეთი გამოცემა იშვიათია ქართული კულტურის ისტორიაში, რომ არცერთი ქართველი მწერალი ილია ჭავჭავაძის გარდა ასე არ გამოცემულა. ისაუბრეს იმ დიდ ღვაწლზე, რომელიც თავისი 15-წლიანი შრომით ამ საქმეს დასდო ხუთტომეულის შემდგენელმა ლალი ცომაიამ. ხაზი გაესვა გამოცემის აკადემიურ ხასიათს, მისი სამეცნიერო და საცნობარო აპარატის, ილუსტრაციების, წინასიტყვაობის მნიშვნელობას. გამოითქვა წინადადება, რომ ახალი მასალის მოძიების შემთხვევაში, რობაქიძის თხზულებების შემდგომი, უფრო სრული გამოცემა, ექვსტომეულის სახით, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა ითავოს.

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, ნინო ქემერტელიძემ გამოაცხადა უნივერსიტეტის აკადემიური კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, გრიგოლ რობაქიძის შემოქმედების უკვდავყოფის საქმეში შეტანილი წვილილისათვის ხუთტომეულის შემდგენელს ლალი ციმაიას მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება.

 

საპატიო დოქტორი ლალი ცომაია შეეცადა, მადლობა ეთქვა მისი მრავალწლიანი შრომის ესოდენი დაფასებისათვის, მაგრამ აღელვებულს სიტყვის თქმა გაუჭირდა და მადლიერება მხოლოდ სიხარულის ცრემლებით გამოხატა.

საკონტაქტო პირი: პაატა ნაცვლიშვილი; paatapress@yahoo.com
გაზიარება
დაბეჭდვა
 
 
 
 
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
13557194

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By