სკოლა თავის საქმიანობას წარმართავს იმგვარად, რომ მისმა კურსდამთავრებულებმა დააკმაყოფილონ შრომის ბაზრის მზარდი მოთხოვნები, შესაბამისად, შეძლონ სამუშაო ადგილის ადვილად მოპოვება, ამის გათვალისწინებით სკოლა მთავარ ამოცანად თვლის მაქსიმალურად გახსნას და განავითაროს თითოეული სტუდენტის ინტელექტუალური პოტენციალი, ღრმა თეორიულ ცოდნასთან ერთად გამოუმუშაოს პროფესიული ჩვევები, ჩამოუყალიბოს მოვლენების კრიტიკული ხედვისა და შეფასების უნარი.
სკოლა გამოირჩევა იმით, რომ მან, თითქმის ერთადერთმა, მთელ საგანმანათლებლო სივრცეში, შეინარჩუნა ინგლისური ენისა და ლიტერატურის სწავლების კლასიკური სტანდარტი. ამიტომაც მისი კურსდამთავრებულები გამოირჩევიან ინგლისური ენისა და ლიტერატურის ცოდნის მაღალი აკადემიური დონით.
სკოლის სავიზიტო ბარათი, შეიძლება გადაუჭარბებლად ითქვას, ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაციის პროგრამა და, რა თქმა უნდა, სატელივიზიო შემოქმედებითი სახელოსნოა, რომელსაც ხელმძღვანელობს პროფესორი თეიმურაზ ფაფერაშვილი, 2010 წლიდან კი სკოლაში მეორე შემოქმედებითი სახელოსნო დაფუძნდა ბეჭდური მედიის მიმართულებით, რომელსაც ცნობილი ჟურნალისტი პროფესორი პაატა ნაცვლიშვილი ჩაუდგა სათავეში.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში ხორციელდება სამივე საგანმანათლებლო საფეხური - ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა.