ENG
აქტივობის სახე: მაგისტრატურაში მიღება
თარიღი და დრო: 12/09/2011 - 10:00 / ორშაბათი
დეტალები:

სამაგისტრო პროგრამებზე სტუდენტთა რეგისტრაციის წესი

 

1. 2011-2012 სასწავლო წელს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში ჩარიცხვისა და შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ პრეტენდენტებს, რომლებმაც საერთო სამაგისტრო გამოცდებზე გადალახეს შეფასების მინიმალური ზღვარი.

2. საერთო სამაგისტრო გამოცდების წარმატებით გავლის შემდეგ, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველ კანდიდატთა რეგისტრაციას განახორციელებს სტუდენტური სერვისის სამსახური (ფ.ბერიძე) 2011 წლის 12 სექტემბრიდან 23 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა ყოველდღე, 12-დან 17 საათამდე);

3. მაგისტრანტობის კანდიდატმა რეგისტრაციისას თან უნდა იქონიოს:

  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • ბაკალავრის დიპლომის ასლი ნიშნების დანართთან ერთად (უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს თან უნდა ახლდეს ცნობა ავთენტიკურობის შესახებ);
  • საერთო სამაგისტრო გამოცდის სერტიფიკატი;
  • 2 ფერადი ფოტოსურათი (3X4) CD დისკთან ერთად;
  • სამხედრო ბილეთი ან მიწერის მოწმობა ვაჟებისათვის.

 

4. უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გამოცდა წერითი ფორმით სპეციალობაში ჩატარდება 2011 წლის 3 ოქტომბერს სპეციალობების მიხედვით, შესაბამის სკოლებში:
ა. სამართლის სკოლა;
გ. ბიზნესისა და მართვის სკოლა.

 

სამაგისტრო გამოცდების ჩატარების წესი


1. სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დრო
1.1. სამაგისტრო გამოცდების ჩატარების ვადები დგინდება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. სამაგისტრო გამოცდების ჩატარების ფორმები
2.1. სამაგისტრო გამოცდები ტარდება წერითი და/ან ზეპირი ფორმით.

3. სამაგისტრო გამოცდაზე რეგისტრაცია
3.1. სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მიზნით, მაგისტრანტობის კანდიდატი ვალდებულია:
ა) გამოცდის დაწყებამდე არა უგვიანეს 15 წუთისა გამოცხადდეს უნივერსიტეტში;
ბ) თან იქონიოს პირადობის მოწმობა/პასპორტი;
3.2. ამ პუნქტის 2.1. ქვეპუნქტის პირობების დარღვევის შემთხვევაში, მაგისტრანტობის კანდიდატი არ დაიშვება გამოცდაზე.

4. გამოცდის მიმდინარეობა
4.1. გამოცდა ტარდება უნივერისტეტის მიერ დამოწმებული საგამოცდო ფურცლებით.
4.2. გამოცდის მიმდინარეობისას დაუშვებელია:
ა) მობილური ტელეფონის ან სხვა ელექტრონული აპარატურის ქონა;
ბ) გამოცდაზე დამხმარე მასალის - სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების და სხვათა გამოყენება;
გ) პასუხების ფურცელზე მაიდენტიფიცირებელი ნიშნის (სახელი, გვარი, მისამართი და სხვა) ან რაიმე სახის ისეთი გრაფიკული გამოსახულების (ფიგურა, წარწერა და ა.შ.) დატანა, რომელიც დაკავშირებული არ არის დავალებასთან;
დ) გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება რაიმე ფორმით, სხვა მაგის-ტრანტობის კანდიდატისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა;
ე) სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება (სამუშაო ადგილის დატოვება შესაძლებელია თანმხლებ პირთან ერთად);
ვ) საგამოცდო დროის ამოწურვის შემდეგ ნაშრომზე მუშაობის გაგრძელება.
4.3. საგამოცდო დროის ამოწურვამდე სამუშაოს დამთავრების შემთხვევაში მაგისტრანტობის კანდიდატს უფლება აქვს, საგამოცდო ფურცლის ჩაბარების შემდეგ, დატოვოს დარბაზი მეთვალყურის თანხლებით.

5. სამაგისტრო გამოცდის მსვლელობის დარღვევა
5.1. მე-3 პუნქტის 3.2. ქვეპუნქტის პირობების დარღვევის შემთხვევაში მაგისტრანტობის კანდიდატი იხსნება გამოცდიდან, რაც ფორმდება ოქმით.
5.2. ორი ერთნაირი ნამუშევრის აღმოჩენის შემთხვევაში, ორივე ნაშრომი ფასდება F-ით.
5.3. მაგისტრანტობის კანდიდატი უფლებამოსილია, გამოცდიდან მოხსნის შემთხვევაში, 60 წუთის ფარგლებში, მიმართოს საპრეტენზიო საბჭოს მისი უფლებების დარღვევის შესახებ.

6. მაგისტრანტობის კანდიდატთა ნაშრომების გასწორება და შედეგების გამოქვეყნება
6.1. საგამოცდო ნაშრომი სწორდება გამოცდის დასრულებიდან არაუგვიანეს 24 საათის განმავლობაში.
6.2. ზეპირი გამოცდის შემთხვევაში შეფასება ცხადდება გამოცდის დასრულებისთანავე.
6.3. სამაგისტრო გამოცდის შედეგები ქვეყნდება გამოცდის ჩატარებიდან 48 საათის განმავლობაში უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე და საინფორმაციო დაფაზე.

 

სამაგისტრო გამოცდებთან დაკავშირებით პრეტენზიების წარდგენისა და განხილვის წესი

 

I. საპრეტენზიო საბჭოს რეგლამენტი

1. საპრეტენზიო საბჭო იხილავს:
ა) სამაგისტრო გამოცდის პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს;
ბ) სამაგისტრო გამოცდის შედეგებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს.
2. საპრეტენზიო საბჭო შედგება 5 წევრისგან. საპრეტენზიო საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნეს საზოგადოების წარმომადგენელი.
3. საპრეტენზიო საბჭოს სხდომას იწვევს საპრეტენზიო საბჭოს თავმჯდომარე.
4. საპრეტენზიო საბჭო პრეტენზიებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს გამოცდის შედეგების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში.
5. საპრეტენზიო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. გადაწყვეტილებები მიიღება საბჭოს დამსწრეთა უმრავლესობით.
6. საპრეტენზიო საბჭოს სხდომის ოქმის საფუძველზე გამოიცემა საბჭოს გადაწყვეტილება, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე.

II. სამაგისტრო გამოცდების პროცედურული დარღვევების გასაჩივრება

1. სამაგისტრო გამოცდის პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე მაგისტრანტობის კანდიდატი უფლებამოსილია გამოცდის დღეს 21 საათამდე შეიტანოს საპრეტენზიო განაცხადი საპრეტენზიო საბჭოს სახელზე.
2. განაცხადის წარდგენისას მაგისტრანტობის კანდიდატმა თან უნდა იქონიოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტი.
3. სამაგისტრო გამოცდის პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი პრეტენზია შეიძლება ეხებოდეს:
ა) პრეტენზიის წარმდგენი მაგისტრანტობის კანდიდატის უფლებების დარღვევას გამოცდის პროცესის მონაწილე სხვა პირების მიერ;
ბ) მაგისტრანტობის სხვა კანდიდატის მიმართ გამოცდის პროცედურის დადგენილი წესის დარღვევას გამოცდის პროცესის მონაწილე სხვა პირების მიერ (მაგისტრანტობის კანდიდატის დახმარების აღმოჩენა და ა.შ).
4. საგამოცდო ნაშრომის და/ან ზეპირი გამოკითხვის შეფასებისას საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილება სამი დღის ვადაში ეცნობება მაგისტრანტობის კანდიდატს.
5. საგამოცდო პროცედურის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში საპრეტენზიო საბჭომ შეიძლება მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება/გადაწყვეტილებები:
ა) მაგისტრანტობის კანდიდატის უფლებების დარღვევის ან შეფასების თაობაზე პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში - მისი ნაშრომის და/ან ზეპირი გამოკითხვის შეფასების გასწორების თაობაზე;
ბ) მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ საგამოცდო პროცედურის დარღვევისას - მისი ნაშრომის და/ან ზეპირი გამოკითხვის ნული ქულით შეფასების თაობაზე;
გ) საგამოცდო პროცედურის მონაწილის მიერ საგამოცდო პროცედურის დარღვევისას - მისი უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.

III. სამაგისტრო გამოცდის შედეგების გასაჩივრება
1. მაგისტრანტობის კანდიდატს უფლება აქვს გამოცდის ნამუშევრის და/ან ზეპირი გამოკითხვის შეფასების თაობაზე, საპრეტენზიო საბჭოში წარადგინოს საპრეტენზიო განაცხადი სამაგისტრო გამოცდის შედეგად მიღებული ქულების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში.
2. პრეტენზიის წარდგენისას მაგისტრანტობის კანდიდატმა თან უნდა იქონიოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტი;
3. საპრეტენზიო საბჭოს დასკვნა განმცხადებლებს ეცნობებათ საპრეტენზიო განცხადებების წარმოდგენის პროცესის დასრულებიდან არა უგვიანეს 5 დღისა.

 

სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირება


1. უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, იქმნება სამაგისტრო გამოცდების კოეფიცინეტებით რანჟირების დოკუმენტი.
2. სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში მოხვდება მხოლოდ ის მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელმაც საერთო სამაგისტრო გამოცდა და უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გამოცდა/გამოცდები წარმატებით ჩააბარა.
3. სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტი იქმნება შესაბამის სამაგისტრო პროგრამებზე მაგისტრანტობის კანდიდატთა გამოცხადებული ადგილების რაოდენობის, მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ მიღებული ნორმირებული ქულისა და უნივერსიტეტის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ნაწილებისთვის ან/და უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გამოცდისთვის/გამოცდებისთვის მინიჭებული კოეფიციენტის/კოეფიციენტების, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, ტესტის ნაწილების ან/და გამოცდის პრიორიტეტულობის გათვალისწინებით.
4. მაგისტრანტობის კანდიდატის საკონკურსო ქულა გამოითვლება შემდეგი წესის დაცვით:
ა) მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრულ გამოცდაში მიღებული ქულა იყოფა ამ გამოცდის მაქსიმალურ ქულაზე და მიიღება ნორმირებული ქულა;
ბ) მე-4 პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმირებული ქულა გადამრავლდება უნივერსიტეტის მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ტესტის ნაწილებისთვის/გამოცდებისთვის წინასწარ განსაზღვრულ კოეფიციენტებზე და მიიღება საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეული ნაწილის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული შესაბამისი გამოცდის/გამოცდების კონკრეტული ქულა;
გ) მაგისტრანტობის კანდიდატთა მიერ სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული ამ პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონკრეტული ქულები ჯამდება და მიიღება მაგისტრანტობის კანდიდატის საკონკურსო ქულა.
5. თუ სამაგისტრო პროგრამებზე მაგისტრანტობის კანდიდატთა ჩარიცხვის პროცესში აღმოჩნდება, რომ ბოლო ადგილზე ამ წესის მე-4 პუნქტების შესაბამისად, რანჟირებული მაგისტრანტობის კანდიდატების ნუსხიდან, ტესტის ნაწილების/გამოცდების პრიორიტეტების გათვალისწინების შემდეგ თანაბარი ჩარიცხვის უფლება აქვს ორ ან მეტ მაგისტრანტობის კანდიდატს, უნივერსიტეტი იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციის შედეგად მისთვის გამოყოფილი მისაღებ სტუდენთა ადგილების რაოდენობის ფარგლებში ამ სპეციალობისათვის/სპეციალობის პროგრამული მიმართულებისთვის ადგილების დამატების თაობაზე.
6. თუ სამაგისტრო პროგრამის მისაღებ გამოცდაზე დარეგისტრირებულ მაგისტრანტობის კანდიდატთა რაოდენობა არ აღემატება ამ პროგრამის ფარგლებში მისაღებ კონტიგენტის რაოდენობას, საკონკსურსო ქულად ჩაითვლება მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ მისაღებ გამოცდაზე მიღებული ქულა.

 

მაგისტრანტობის კანდიდატის უნივერსიტეტში ჩარიცხვის წესი

 

 

  1. უნივერსიტეტში ჩარიცხვა ხდება სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე.
  2. მაგისტრანტობის კანდიდატთა უნივერსიტეტში ჩარიცხვა შეიძლება მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის და კანონმდებლობით დადგენილი წესით სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირის მიერ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.
  3. უნივერსიტეტში მაგისტრანტობის კანდიდატის ჩარიცხვა ფორმდება, უნივერსიტეტისა და მაგისტრანტობის კანდიდატს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
  4. რექტორის ერთიანი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ფორმდება სწავლის დაწყებიდან ერთი დღით ადრე.
  5. მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ერთიანი აქტის გამოცემის შემდეგ მაგისტრანტობის კანდიდატი ხდება უნივერსიტეტის სტუდენტი - მაგისტრანტი.
  6. მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ერთიანი აქტი გამოცემიდან 5 დღის ვადაში იგზავნება გამოცდების ეროვნულ ცენტრში და აკრედიტაციის ცენტრში.

 

იხილეთ თანდართული დოკუმენტი

საკონტაქტო პირი: ფიქრია ბერიძე, ელ-ფოსტა: pikriaberidze@yahoo.com
გაზიარება
დაბეჭდვა
 
 
 
 
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
14664961

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By