Leben verstehen

   Philosophie und Sozialtheorie, Bd. 1

   Tengiz Iremadze, Udo Reinhold Jeck, Helmut Schneider (eds.) 
   ISBN 978-3-8325-3704-3  Bilingual: English/German
   140 pp., Year of Publication: 2014
   Price: 34.00 EUR 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ინტერკულტურული ორიენტაცია ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩვენი თანამშრომლობა გერმანული ფილოსოფიის წარმომადგენლებთან. ჩვენი ინსტიტუტის წევრები, პროფ. უდო რაინჰოლდ იეკი და პროფ. ჰელმუტ შნაიდერი აქტიურად მონაწილეობენ ინსტიტუტის სამეცნიერო ცხოვრებაში. მრავალი დამსახურებიდან მხოლოდ ძალიან მცირეს აღვნიშნავ: პროფ. უდო რაინჰოლდ იეკს ეკუთვნის მეტად საინტერესო ნაშრომი „განაზრებანი ქართული ფილოსოფიის შესახებ" (2010 წ.), რომელიც ქართულად თარგმნა ჩვენი ინსტიტუტის კულტურის მეცნიერებათა განყოფილების გამგემ, პროფ. ლალი ზაქარაძემ. პროფ. იეკი, ასევე, არაერთი საინტერესო გამოკვლევის ავტორია ნეიროფილოსოფიის სფეროში. რაც შეეხება პროფ. ჰელმუტ შნაიდერს, მან ახალ საფეხურზე აიყვანა ჰეგელის კვლევები საქართველოში. აქ ვგულისხმობ სამეცნიერო პუბლიკაციებს, სემინარებსა და მასტერ-კლასებს ჰეგელის შემოქმედების შესახებ. გარდა ამისა, პროფ. ჰელმუტ შნაიდერმა საქართველოში საფუძველი ჩაუყარა კვლევებს ფილოსოფიური გეოგრაფიის მიმართულებით (იხ. ჰელმუტ შნაიდერი, „ფილოსოფიური გეოგრაფია", თბილისი: „ნეკერი", 2010 წ.), რომელსაც აჟამად ჩვენი ინსტიტუტი წარმართავს პროექტ „ადგილი და იდენტობა"-ს ფარგლებში.

 

ინტერკულტურული თანამშრომლობის შესანიშნავი ნიმუშია ახალი სამეცნიერო სერია „ფილოსოფია და სოციალური თეორია", რომლის დაარსებაშიც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის დირექტორს, პროფ. თენგიზ ირემაძეს. მასთან ერთად სერიის დამფუძნებლები და რედაქტორ-გამომცემლები არიან პროფ. უდო რაინჰოლდ იეკი და პროფ. ჰელმუტ შნაიდერი. რაც შეეხება სერიის სამეცნიერო საბჭოს, მასში შედიან ცნობილი დასავლელი ფილოსოფოსები და სოციალური თეორიის წარმომადგენლები: აქსელ ჰონეტი, ფერდინანდ ფელმანი, ქრისტოფ იამე, გურამ თევზაძე და ბურკჰარდ მოიზიში. დაბოლოს, სერიის სარედაქციო საბჭოს წევრები, არიან გიორგი ხუროშვილი, გიორგი გიგაური და გიორგი თავაძე.

 

სერია გამოიცა ცნობილ გერმანულ გამომცემლობა „ლოგოსთან" თანამშრომლობის საფუძველზე. გამომცემლობის ვებ-გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ ინფორმაცია სერიის შესახებ:

 

http://www.logos-verlag.de/cgi-bin/engbuchmid?isbn=3704&lng=deu&id

 

სერიის პირველი ტომს ეწოდება „გავიგოთ სიცოცხლე" და მასში განხილულია სიცოცხლისა და ისტორიის ურთიერთმიმართების საკითხები როგორც დასავლური, ასევე, აღმოსავლური აზროვნების პერსპექტივებიდან. კრებულში შესულია სტატიები ინგლისურ და გერმანულ ენებზე (აქვე აღვნიშნავ, რომ სერიის მომდევნო ტომებიც უცხოენოვანი იქნება). კრებულის ავტორები არიან ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლები (თენგიზ ირემაძე, ლალი ზაქარაძე, მიხეილ გოგატიშვილი, გიორგი თავაძე, გიორგი ხუროშვილი) და ცნობილი ევროპელი ფილოსოფოსები (ფერდინანდ ფელმანი, ქრისტოფ იამე, უდო რაინჰოლდ იეკი, გუდრუნ კიუნე-ბერტრამი, ჰანს ულრიხ ლესინგი, ჰელმუტ შნაიდერი).

 

ახლა უფრო ვრცლად მიმოვიხილოთ წინამდებარე სერიის მიზნები და მასში წარმოდგენილი ნაშრომები!

 

სერიის რედაქტორთა განცხადებით, ახალი სერიის მიზანია, მოიცვას არა მხოლოდ ფილოსოფიის ისტორია, არამედ თანამედროვე ფილოსოფია და სოციალური თეორიაც (სოციოლოგიის, პოლიტიკისა და მედიის მეცნიერებების თეორიული საფუძვლების კვლევა). განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ინტერკულტურულ კვლევებზე და ქართველი და გერმანელი ფილოსოფოსების ურთიერთთანამშრომლობაზე.

 

სერიის პირველი ტომი  -„გავიგოთ სიცოცხლე" - ორი ნაწილისაგან შედგება. პირველი ნაწილი - „სიცოცხლის ფილოსოფიის შესახებ" - როგორც სათაური აჩვენებს, ეძღვნება სიცოცხლის ფილოსოფიის მნიშვნელოვანი წარმომადგენლებისა და მათი შემოქმედების განხილვას. მიუნსტერის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორი ფერდინანდ ფელმანი თავის სტატიაში „არტურ შოპენჰაუერი: სიცოცხლის ფილოსოფიის მესიტყვე" განიხილავს გერმანელი ფილოსოფოსის თეორიული მოძღვრების საკვანძო ასპექტებს: ნებას, სიცოცხლეს, ინდივიდუალობას, ბედნიერებასა და თვითშემეცნებას. პროფ. ჰანს-ულრიხ ლესინგი (ბოხუმის უნივერსიტეტი, გერმანია) აანალიზებს ვილჰელმ დილთაის სიცოცხლის ფილოსოფიას („დილთაის სიცოცხლის ფილოსოფია"). ანალიზის საფუძველზე იგი ასკვნის, რომ სიცოცხლის ცნება დილთაის ფილოსოფიის, დესკრიფციული ფსიქოლოგიის და ჰუმანიტარული მეცნიერებების შესახებ მისეული თეორიის საფუძველმდებარე კონცეპტს წარმოადგენს.

 

ბოხუმის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელს, დოქტორ გუდრუნ კიუნე-ბერტრამს ეკუთვნის სტატია „პაულ იორკ ფონ ვარტენბურგის ‘ცხოველმყოფელობის' ფილოსოფია". ფონ ვარტენბურგის (1835-1897 წწ.) შეხედულებებმა, რომლებიც მან დილთაისთან დიალოგებსა და წერილებში განავითარა, საგრძნობი ზეგავლენა მოახდინა მარტინ ჰაიდეგერსა და ჰანს-გეორგ გადამერზე. პროფ. მიხეილ გოგატიშვილის სტატიაში განხილულია გეორგ ზიმელის სიცოცხლის ფილოსოფიის ორი ძირითადი ელემენტი: ფული და ინტელექტი.

 

პროდ. უდო რაინჰოლდ იეკი თავის ვრცელ სტატიაში განიხილავს „ტვინის ფილოსოფიის" (მისეული ტერმინი) საკვანძო პრობლემებს ბერგსონის ფილოსოფიაზე დაყრდნობით. იგი აანალიზებს ტვინისა და ცნობიერების, ტვინისა და თავისუფლების, ტვინისა და გარესამყაროს მიმართების პრობლემებს და მიუთითებს ბერგსონის ნააზრევის ადეკვატურობაზე თანამედროვე ნეიროფილოსოფიის კონტექსტში.

 

პროფ. თენგიზ ირემაძის სტატიაში - „გრიგოლ რობაქიძე და ფრიდრიხ ნიცშეს ფილოსოფია. ინდივიდუალიზმი - კომუნიკაცია - უნივერსალიზმი" გაანალიზებულია ნიცშეს ფილოსოფიის რობაქიძისეული რეცეფცია. ინდივიდუალიზმის პრობლემას რობაქიძე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა. მაქს შტირნერის სოციალური ინდივიდუალიზმისა და ლევ ტოლსტოის რელიგიური ინდივიდუალიზმის გვერდით, იგი გამოყოფდა, ასევე, ფრიდრიხ ნიცშეს მორალურ ინდივიდუალიზმს. ინდივიდუალიზმის პრობლემა განუყოფელ კავშირშია კომუნიკაციის პრობლემასთან, რომლის გადასაჭრელად რობაქიძე კანტის ნააზრევს ეყრდნობოდა.

 

პროფ. ლალი ზაქარაძე (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი) განიხილავს ქართული გეოლოგიური სკოლის ფუძემდებლის - ალექსანდრე ჯანელიძის (1888-1975 წწ.) - შემოქმედებას სიცოცხლის ფილოსოფიის კონტექსტში. თავისი შეხედულებები ჯანელიძემ გადმოსცა ნაშრომში „ეროვნული შემოქმედება", რომელშიც აშკარად იკვეთება ბერგსონის გავლენა. სტატიის ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ჯანელიძის შემოქმედების შემდეგ ასპექტებს: სიცოცხლე და განვითარება, ევოლუცია და შემოქმედება, შემოქმედება და ცხოვრების ღირებულება. რაც შეეხება პროფ. გიორგი ბარამიძის (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) სტატიას  -  „ნიცშეანური მოტივები ზურაბ კაკაბაძის ნააზრევში" -  რომლითაც სრულდება ტომის პირველი - სიცოცხლის ფილოსოფიისადმი - მიძღვნილი ნაწილი, მასში განხილულია კაკაბაძის შემოქმედების ის საკვანძო კონცეპტები და პრობლემები, რომლებიც ქართველმა ფილოსოფოსმა ნიცშეს შემოქმედების პროდუქტიულად გააზრების გზით განავითარა. ესენია: სიცოცხლე, ხელოვნება, ფილოსოფია და ნიჰილიზმის საფრთხე.

 

კრებულის მეორე ნაწილის სათაურია „ინტერკულტურული პერსპექტივები". ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი გიორგი ხუროშვილი თავის სტატიაში „იერუსალიმი და ათენი შუა საუკუნეების ქართულ აზროვნებაში" განიხილავს იერუსალიმისა და ათენის პარადიგმატული მეტაფორის მნიშვნელობას ქართული სააზროვნო სივრცისათვის. ამ მხრივ იგი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იოანე პეტრიწის ფიგურას, რომელიც იერუსალიმისა და ათენის „მორიგებას", მათ ჰარმონიზებას ცდილობდა.

 

გიორგი თავაძის სტატიის სათაურია „ვაცუჯი ტეცუროს კლიმატური ფილოსოფია და მისი მნიშვნელობა ფილოსოფიური გეოგრაფიისათვის". ვაცუჯი (1889-1960 წწ.) მეოცე საუკუნის იაპონური ფილოსოფიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. სტატიაში განხილულია ვაცუჯის კლიმატური ფილოსოფიის საფუძველმდებარე დებულებები, რომლებიც მან მარტინ ჰაიდეგერის „ყოფიერება და დრო"-ს კრიტიკული ანალიზის შედეგად განავითარა. სტატიის ბოლოს ავტორი აჩვენებს, რომ ვაცუჯის კლიმატური ფილოსოფია აქტუალურია ფილოსოფიური გეოგრაფიის იმ კონცეპტუალური ჩარჩოსთვის, რომელიც სტატიაშია გადმოცემული.

 

პროფ. ქრისტოფ იამეს (ლიუნებურგის უნივერსიტეტი) მსჯელობის საგანია გამოჩენილი გერმანელი ფილოსოფოსის, ჰანს ბლუმენბერგის (1920-1996 წწ.) მითოსის თეორია. ბლუმენბერგის ნაშრომმა „მუშაობა მითოსზე" (1979 წ.) დიდი გავლენა მოახდინა როგორც ფილოსოფიაზე, ასევე, ლიტერატურის თეორიაზე, რელიგიათმცოდნეობასა და ანთროპოლოგიაზე. საინტერესოა ის, რომ სტატიის ბოლოს ავტორი ბლუმენბერგის მონუმენტალურ ნაშრომს პოლიტიკურ განზომილებაში განიხილავს.

 

კრებული სრულდება პროფ. ჰელმუტ შნაიდერის სტატიით „შედარება და შედარების პროცესი, როგორც ადამიანური გონების ძირითადი შემეცნებითი საქმიანობა". აქ ავტორი აანალიზებს შედარების კატეგორიას ფილოსოფიასა და მეცნიერებებში, ენისა და ინტერკულტურული ფილოსოფიის სფეროებში. შედარება, როგორც ფილოსოფიური კატეგორია, რელაციის დადგენას გულისხმობს და ის გარკვეულ კანონზომიერებას უკავშირდება, რომელსაც, პროფ. შნაიდერის აზრით, ფილოსოფიის ისტორიაში ნაკლები ყურადღება ექცეოდა.

 

ასეთია სერიის პირველი ტომის შინაარსი! იმედი მაქვს, რომ სამეცნიერო სერია „ფილოსოფია და სოციალური თეორია" ქართული ფილოსოფიური აზრის საფლაგმანო სერიად იქცევა და კიდევ მრავალ საინტერესო ტომს შემოგვთავაზებს!

 

 

გიორგი თავაძე

 

 

გაზიარება
დაბეჭდვა
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
11262613

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By