მიტროპოლიტი გრიგოლი (გურამ ბერბიჭაშვილი)

სადოქტორო ნაშრომის დასახელება:

 

იონა ხელაშვილის მეტაფიზიკური კონცეფცია" 

 

 

სადოქტორო ნაშრომის ხელმძღვანელი:

 

პროფ. თენგიზ ირემაძე

(გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი,

ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა

კვლევითი ინსტიტუტი)

 

 

 

I. საკვლევი პრობლემა

 

ჰუმანიტარული მეცნიერებების განვითარებას XX საუკუნის საქართველოში დიდად შეუშალა ხელი მარქსისტულ-ლენინისტური კვლევითი მეთოდოლოგიის დანერგვამ და გავრცელებამ. ამის შედეგად განსაკუთრებული ზიანი მიადგა ძველი ქართული ფილოსოფიური და საღვთისმეტყველო ტრადიციის მნიშვნელოვანი წარმომადგენლების ცხოვრებისა და შემოქმედების კვლევა-ძიებას. ამ ტენდენციის გამო კი არაერთი საგულისხმო ქართველი მოაზროვნის თეორიული მემკვიდრეობა სათანადო ყურადღების მიღმა დარჩა. იონა ხელაშვილი ახალი დროის ქართული თეორიული აზროვნების ის თვალსაჩინო წარმომადგენელია, რომლის უმდიდრესი თეორიული (ფილოსოფიური და საღვთისმეტყველო) შემოქმედება აქამდე არ გამხდარა ინტენსიური მეცნიერული გამოკვლევის საგნად. არადა, ახალი დროის ქართულ აზროვნებაში იშვიათად თუ მოიძებნება ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი, რომელმაც ამ ორი დარგის განვითარებას ისეთი მძლავრი იმპულსები შესძინა, როგორც ეს იონა ხელაშვილმა მოახერხა. მან ახალი დროის ქართულ თეორიულ აზროვნებაში ქრისტიანული ფილოსოფიის ერთი-ერთი ყველაზე საგულისხმო მოდელი შექმნა, რომელიც  ქართული ღვთისმეტყველების განვითარებისთვის დღესაც უაღრესად აქტუალურია. ეს მოდელი მოიცავს ამ მოაზროვნის მთელ მეტაფიზიკურ კონცეფციას. ამდენად, იონა ხელაშვილის მეტაფიზიკური კონცეფცია თანამედროვე ქართული ფილოსოფიური ისტორიოგრაფიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკვლევ პრობლემას წარმოადგენს.

 

II. კვლევის მიზნები

 

იონა ხელაშვილის ფილოსოფიური და საღვთისმეტყველო შემოქმედების მთავარი შედეგები შეჯამებულია მის საკვანძო ნაშრომში `ოცდათოთხმეტი შეკითხვის წიგნი~. ქართველი მოაზროვნე აქვე აყალიბებს ქრისტიანული ფილოსოფიური ღვთისმეტყველების მისეულ მოდელს, რომელიც ფილოსოფიისა და ღვთისმეტყველების გარკვეულ სინთეზს წარმოადგენს საკუთარი მიზნებისა და მეთოდოლოგიური პრინციპების მომარჯვებით. ასეთი მეთოდოლოგიური ნაზავის შედეგად იქმნება  ფილოსოფიური ღვთისმეტყველების ხელაშვილისეული ვერსია, რომელსაც იონა ხელაშვილის მეტაფიზიკური კონცეფცია შეიძლება ეწოდოს. მეტაფიზიკის ასეთი სახე ორიენტირებულია  ქრისტიანული ფილოსოფიისა და ღვთისმეტყველების ისეთი კომბინაციის შექმნაზე, რომელიც სამყაროს დიადი წიგნების, „წმინდა წერილის" ფილოსოფიურ ახსნა-განმარტებას ისახავს მიზნად. მაშასადამე, იონა ხელაშვილის ფილოსოფიური ღვთისმეტყველება, რომლის თანმიმდევრული განვითარება მისსავე მეტაფიზიკურ კონცეფციას ქმნის, ეფუძნება ძველი და ახალი აღთქმის სიბრძნისმეტყველებას და მის სპეციფიკურ ფილოსოფიურ ჰერმენევტიკას წარმოადგენს. ამდენად, იონა ხელაშვილის თეორიული შემოქმედების ანალიზი წინამდებარე კვლევის ფარგლებში სწორედ მისი მეტაფიზიკური კონცეფციის დაწვრილებით განხილვასა და შეფასებას ეყრდნობა.

 

III. საკვლევი პრობლემის სამეცნიერო კონტექსტი

 

იონა ხელაშვილის მეტაფიზიკური კონცეფციის დაწვრილებითი ფილოსოფიური ანალიზი ჯერ არ მომხდარა. უფრო მეტიც, ეს დიდი ქართველი მოაზროვნე ქართული საბჭოთა მარქსისტული ფილოსოფიური ისტორიოგრაფიის კონტექსტში „რეაქციონერად" იყო მონათლული. ეს ტენდენცია ისეთი ყოვლისმომცველი აღმოჩნდა, რომ იგი თვით შალვა ნუცუბიძემაც კი თავისი „ფილოსოფიის ისტორიის" მეორე ტომში „თეოლოგიურ-რეაქციონური მიმდინარეობის" იმ წარმომადგენლად მიიჩნია, რომელიც ქართული ფილოსოფიური აზრის პროგრესული გზით განვითარებას ახალი დროის ქართულ აზროვნებაში ხელს უშლიდა (შდრ. შ. ნუცუბიძე, ქართული ფილოსოფიის ისტორია, ტ. II, თბილისი, 1958, გვ. 459). ამგვარმა შეფასებებმა დიდად შეუშალა ხელი იონა ხელაშვილის მრავალმხრივი შემოქმედების შესწავლა-ათვისების საქმეს. კვლევითი მდგომარეობა, გარკვეულწილად, მას შემდგომ გამოსწორდა, რაც გულნარა დედაბრიშვილმა 1967 წელს იონა ხელაშვილის „ოცდათოთხმეტი შეკითხვის წიგნი გამოსცა", ხოლო შემდეგ კი, 2000 წელს, მისი ეპისტოლური არქივის მასალები. თუმცკი, ამ მნიშვნელოვან წყაროთა გამოქვეყნების მიუხედავად, იონა ხელაშვილის თეორიული მემკვიდრეობის შესწავლის საქმე XX საუკუნის ქართულ ფილოსოფიურ ისტორიოგრაფიაში, არსებითად, წინ არ წაწეულა. მისი ღრმა ფილოსოფიური და საღვთისმეტყველო შემოქმედების ნაყოფიერი ათვისების გზაზე პირველი ნაბიჯები სულ ახლახანს გადაიდგა. ამ მხრივ, პირველ რიგში,  აღსანიშნავია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარ სამეცნიერო (რეფერირებად და რეცენზირებად) ორგანოში, ჟურნალ „უფლის ციხეში" გამოქვეყნებული ქართველი მკვლევრების, პროფ. ლალი ზაქარაძისა და პროფ. თენგიზ ირემაძის საეტაპო სტატიები იონა ხელაშვილის შემოქმედების აქტუალური პრობლემების შესახებ. პროფ. ლ. ზაქარაძის სტატია (2012 წ.) იონა ხელაშვილის ცხოვრებისეულიდა შემოქმედებითი პორტრეტის მთავარი შტრიხების დადგენას ეძღვნება; პროფ. თ. ირემაძის სტატია (2014 წ.) კი იონა ხელაშვილის ფილოსოფიური და საღვთისმეტყველო შემოქმედების მთავარი ღერძის, მისი ფილოსოფიური ღვთისმეტყველების საკვანძო საკითხებს წამოსწევს წინა პლანზე და მათ მნიშვნელობას აჩვენებს თანამედროვე ქრისტიანული აზროვნების კონტექსტში. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ იონა ხელაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების დაწვრილებითი შესწავლა, ანალიზი და შეფასება მომავალი კვლევის გადაუდებელი ამოცანაა. დღემდე უცნობი რჩება მისი ცხოვრებისა და შემოქმედების მრავალი მნიშვნელოვანი დეტალი. ამ მოაზროვნის თვით დაბადების ზუსტი თარიღიც კი დღემდე უცნობი იყო. აქედან გამომდინარე, წინამდებარე სადისერტაციო ნაშრომის ფარგლებში, რეკონსტრუირებულ იქნება იონა ხელაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების დღემდე უცნობი დეტალები. აღსანიშნავია, რომ მისი ნამდვილი ცხოვრებისეული პორტრეტის აღდგენა და გათვალისწინება აუცილებელია ამ მეტაფიზიკოსის შემოქმედების ადეკვატური ანალიზისა და შეფასებისთვის, რადგან იონა ხელაშვილი იმ რჩეულ მოაზროვნეთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა ცხოვრება და შემოქმედება ერთმანეთისაგან განუყოფელია და, ამდენად, ისინი ერთიან ჭრილში უნდა იქნეს წარმოდგენილი.

 

IV. კვლევის მეთოდოლოგია

 

ზემოთ დასახული კვლევის მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, წინამდებარე კვლევითი ნაშრომის ფარგლებში გამოყენებული იქნება ფილოსოფიური ისტორიოგრაფიისთვის არსებითი კომპარატივისტული მეთოდი. გარდა ამისა, იონა ხელაშვილის შემოქმედების სპეციფიკიდან გამომდინარე (ბიბლიური ტექსტების ანალიზი და ა.შ.), ინტენსიურად გამოვიყენებთ ფილოსოფიური ჰერმენევტიკის მეთოდსაც, კერძოდ კი, მისი მეტაფიზიკური კონცეფციის მთავარი მომენტებისა და თავისებურებების გამოკვეთის დროს. ამ ორი მეთოდის გამოყენების შედეგად, შეიქმნება სხვა  მეთოდოლოგიური არსენალის გამოყენების წინაპირობაც: იონა ხელაშვილის მეტაფიზიკური კონცეფცია წარმოდგენილი იქნება ინტერკულტურული და ინტერდისციპლინური კვლევითი მეთოდოლოგიის ჭრილში.

 

V. კვლევასთან დაკავშირებული ეთიკური ასპექტები

 

წინამდებარე დისერტაციაში აღდგენილი იქნება შემოქმედებითი პროფილი XIX საუკუნის პირველი მესამედის უსამართლოდ მივიწყებული ამ დიდი ქართველი მოაზროვნისა. ჩვენს კვლევასთან დაკავშირებული ეთიკური ასპექტების გამოკვეთა სწორედ ამ არსებით კვლევით მომენტთან არის დაკავშირებული: ქართული ფილოსოფიის ისტორიაში საკუთარ ადგილს იპოვის ახალი დროის ქართული აზროვნების ეს თვალსაჩინო წარმომადგენელი; ამით დაინგრევა ქართულ საბჭოთა  მარქსისტულ-ლენინისტურ ფილოსოფიურ ისტორიოგრაფიაში მყარად ფესვგადგმული მოსაზრება, რომლის მიხედვითაც იონა ხელაშვილი „რეაქციონერი მოაზროვნე" იყო. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი  ნაშრომის ამგვარი კვლევითი ორიენტაცია გარკვეულ წვლილს შეიტანს თანამედროვე ქართულ ჰუმანიტარულ მეცნიერებებში ჯერ კიდევ შემორჩენილი კვლევის იმ ეთიკური სტანდარტების დემონტირების საქმეში, რომელიც - პირდაპირ თუ ირიბად - ხშირად მარქსისტულ-ლენინისტური კვლევითი მეთოდოლოგიის მანკიერ ტრადიციას ეფუძნება. 

 

 

მიტროპოლიტი გრიგოლი - CV

გაზიარება
დაბეჭდვა
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
11262604

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By