Putin's Wars. The Rise of Russia's New Imperialism

978-1-4422-3136-8•Hardback February 2014 • $79.00 • (£49.95)

978-1-4422-3137-5•Paperback February 2014 • $29.95 • (£18.95)

978-1-4422-3138-2•eBook February 2014 • $28.99 • (£17.95)

 

Pages: 296

Size: 6 1/2 x 9 ½

By Marcel H. Van Herpen

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მარსელ ვან ჰერპენი - „პუტინის ომები. ახალი რუსული იმპერიალიზმის აღზევება"

 

    უკრაინაში რუსეთის აგრესია კვლავ გრძელდება. ამ წუთისთვის, როდესაც ამ რეცენზიას ვწერ, გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს დონეცკის აეროპორტისათვის, რომელიც დიდი ხანია, რაც ნანგრევებადაა ქცეული, თუმცა, მისი სიმბოლური მნიშვნელობა ისე დიდია, როგორც არასდროს. მას შემდეგ, რაც უკრაინამ ღიად გამოაცხადა თავისი პრო-ევროპული ორიენტაციის შესახებ, ქვეყანა „ნაწილობრივი" ანექსიის სამიზნე გახდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ამას მოჰყვა „ფარული" ომი, რომელიც სამოქალაქო ომის სახელით მიმდინარეობს, მაგრამ სინამდვილეში სრულმასშტაბიან სამხედრო დაპირისპირებას წარმოადგენს ორ მეზობელ ქვეყანას შორის. არსებითი აქ ისაა, რომ უკრაინის ხელისუფლება ამას ღიად აცხადებს, ხოლო რუსეთის მმართველობა ამ ფაქტს დაჟინებით უარყოფს.

 

    „რუსეთის სახელმწიფოსთვის მეზობელი ტერიტორიების კოლონიზება და მეზობელი ხალხების დამორჩილება უწყვეტი პროცესია. შეიძლება ითქვას, რომ ეს რუსეთის გენეტიკური კოდის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს", - მკვეთრ განცხადებას აკეთებს მარსელ ვან ჰერპენი თავის ნაშრომში „პუტინის ომები. ახალი რუსული იმპერიალიზმის აღზევება" (გვ. 2).

 

    ვან ჰერპენი „ციცერო ფაუნდეიშენის", დამოუკიდებელი, პრო-ევროპული და პრო-ატლანტიკური ჰოლანდიური კვლევითი ცენტრის (მაასტრიხტი _ პარიზი) დირექტორია. იგი იკვლევს რუსეთის და პოსტსაბჭოთა ქვეყნების თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემებს. 2013 წელს მან გამოსცა ნაშრომი „პუტინიზმი: რადიკალური მემარჯვენე რეჟიმის თანდათანობითი აღზევება რუსეთში". ვფიქრობ, რომ „პუტინის ომები" უაღრესად თანადროული ნაშრომია, რომელიც კარგად ხსნის პოსტსაბჭოთა სივრცეში ამჟამად მიმდინარე მოვლენებს და რომელიც ნათელს ჰფენს რუსული იმპერიალიზმის ბუნებას.

 

    ნაშრომის ძირითადი თეზისი ასეთია: რუსეთის ფედერაცია წარმოადგენს როგორც პოსტ-იმპერიულ, ასევე, წინარე იმპერიულ სახელმწიფოს. ავტორის აზრით, რუსეთის ისტორიაში იმპერიის ფორმირება განუყრელ კავშირში იყო ტერიტორიულ ექსპანსიასთან, რაც მკვეთრ წინააღმდეგობაში მოდიოდა ქვეყნის შიგნით დემოკრატიზაციის ტენდენციებთან. აღნიშნული თეზისის დასამტკიცებლად ვან ჰერპენი აანალიზებს რუსეთის ფედერაციის ომებს ჩეჩნეთსა და საქართველოში და მათ ფართო კონტექსტში განიხილავს, რათა უკეთ სწვდეს პუტინის ავტოკრატიული სისტემის შინაგან დინამიკას.

 

    წიგნი სამი ნაწილისაგან შედგება. პირველ ნაწილში („რუსეთი და იმპერიის წყევლა", 1-ელი _ მე-5-ე თავები) ვან ჰერპენი აანალიზებს რუსეთის იმპერიის ჩამოყალიბების პროცესს და მიუთითებს ევროპულ იმპერიებთან არსებულ მსგავსებებსა და განსხვავებებზე. პირველ თავში („დესპოტიზმი და იმპერიის ძიება") იგი რუსული იმპერიალიზმის გამომწვევ ოთხ ძირითად მიზეზზე მიუთითებს:

 

1.      რუსეთის გეოგრაფიული მდებარეობა

2.      რუსეთის ეკონომიკური სისტემა

3.      რუსეთის ექსპანსიონისტური ტრადიცია

4.      რუსეთის მმართველი ელიტის მიერ განხორციელებული ექსპანსიონისტური პოლიტიკა (გვ. 15)

 

    ვან ჰერპენი სათითაოდ აანალიზებს ამ მიზეზებს და მიუთითებს იმ როლზე, რომელიც მათ შეასრულეს რუსული იმპერიალიზმის ჩამოყალიბებაში. იგი, ასევე, აღნიშნავს, რომ რუსული იმპერიალიზმი განუყრელად იყო დაკავშირებული რუსულ დესპოტიზმთან. ამ კავშირის ჩამოყალიბებას ხელს უწყობდა ის, რომ ტერიტორიული ექსპანსია დესპოტური მმართველობის დამატებით ლეგიტიმაციას ახდენდა; რომ ექსპანსია ფუნქციონირებდა როგორც სუროგატული კმაყოფილების გრძნობის გამომწვევი დაჩაგრული მოსახლეობისათვის, რომელსაც შეეძლო, წარმოედგინა, რომ იმპერიის გაფართოებაში მასაც მიუძღვოდა წილი (გვ. 17). მოკლევადიანი რეფორმები, რომლებიც რუსეთის იმპერიაში განხორციელდა, წაგებული ომების შემდგომ პერიოდს დაემთხვა, როდესაც მმართველი ელიტა შესუსტებული იყო. უკანასკნელი ორი საუკუნის განმავლობაში რუსეთის ისტორიაში ვან ჰერპენი ოთხ ასეთ ომს გამოყოფს: ყირიმის ომი (1853-1856 წწ.), რუსეთ-იაპონიის ომი (1904-1905 წწ.), პირველი მსოფლიო ომი (1914-1918 წწ.) და ცივი ომი (1945-1989 წწ.). თუმცა, მოკლევადიანი რეფორმების პერიოდი ყველა აღნიშნულ შემთხვევაში ჩაანაცვლა დესპოტური და ავტოკრატიული მმართველობის გაცილებით უფრო ხანგრძლივმა პერიოდებმა (გვ. 14).

 

    იმპერიები ყოველთვის ამართლებენ თავიანთ დაპყრობებს. აგრესიული საგარეო პოლიტიკა ზოგჯერ „ცივილიზატორული მისიის" ან კიდევ „თეთრი ადამიანის ტვირთის" სახელით გვევლინება. რუსეთის შემთხვევაში ვან ჰერპენი გამოყოფს იმპერიული პოლიტიკის ლეგიტიმაციის სამ ძირითად ფაქტორს. ესენია: მართლმადიდებლობა, პან-სლავიზმი და კომუნიზმი. როცა ვან ჰერპენი მართლმადიდებლობას ცალკე ფაქტორად გამოყოფს, იგი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს იმ როლს, რომელსაც რელიგია ასრულებდა რუსეთის იმპერიულ პოლიტიკაში XVIII-XIX საუკუნეებში, როდესაც მეფის რუსეთი თავის იმპერიულ პოლიტიკას „მოძმე ქრისტიანი ერების" მაჰმადიანი დამპყრობლებისაგან გათავისუფლების მოტივით ამართლებდა (გვ. 33-34). სახელმწიფოსა და ეკლესიის ამ კავშირს საფუძველი ჩაუყარა პეტრე I-მა, რომელმაც ობერ-პროკურორის საერო თანამდებობა შემოიღო. ეს იყო სახელმწიფო მოხელე, რომელიც საიმპერატორო კაბინეტის წევრი იყო და, ამავე დროს, წმინდა სინოდის ფუნქციონირებაზე უშუალო ზეგავლენას ახორციელებდა.

 

    1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დასავლურ სამყაროში გაჩნდა იმედები, რომ რუსეთი „ნორმალურ", არააგრესიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდებოდა. ზოგიერთი ავტორი „იმპერიისგან გადაღლის" სინდრომზეც კი საუბრობდა. თუმცა, 1999 წელს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ვლადიმირ პუტინის დანიშნვნის შემდეგ, ვითარება კარდინალურად შეიცვალა. საბჭოთა კავშირის დაშლა პუტინმა დაახასიათა, როგორც „უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა". რუსეთში, მმართველი ელიტის ხელშეწყობით, უკიდურესად გაძლიერდა ნაციონალიზმი და შოვინიზმი, საიდმულო სამსახურების აქტიურობა და მილიტარისტული განწყობა. ვან ჰერპენის მიხედვით, პუტინის პოლიტიკაში შესაძლოა, ორი ძირითადი მიზანი გამოვყოთ:

 

1.      ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრი ქვეყნებიდან სლავური სახელმწიფოების გაერთიანება;

2.      პოსტსაბჭოთა სივრცის არასლავურ სახელმწიფოებთან მჭიდრო ეკონომიკური და სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობა რუსეთის დომინირებით (გვ. 62).

 

    პუტინის ამ მიზნების განხორციელების მცდელობას წარმოადგენს რუსეთ-ბელორუსიის სამოკავშირეო სახელმწიფო, რომელსაც ჯერ კიდევ 1996 წელს ჩაეყარა საფუძველი და, რაც მთავარია, ევრაზიული კავშირი, რომელსაც ვან ჰერპენი „პუტინის უახლეს იმპერიულ პროექტს" უწოდებს (გვ. 75). აღნიშნული იდეის სათავეებთან დგანან იგორ პანარინი (საიდუმლო სამსახურის ყოფილი აგენტი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის პროფესორი) და საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის დამაარსებელი, ულტრანაციონალისტი და შოვინისტი ალექსანდრე დუგინი. ვან ჰერპენის აზრით, ევრაზიული კავშირი კრემლის უახლესი და ყველაზე უფრო ამბიციური პროექტია, რომლის საფუძველსაც სამხედრო ინტეგრაცია წარმოადგენს. წარმოქმნილ სამხედრო კავშირს, რუსეთის ლიდერობით, უფლება ექნება, განახორციელოს სამხედრო ინტერვენციები პოსტსაბჭოთა სივრცეში და იქ ექსკლუზიურად თავისი ინტერესები განამტკიცოს. ვან ჰერპენი აქვე აღნიშნავს, რომ ევრაზიული კავშირის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს უკრაინის ინტეგრაცია (გვ. 82-84). ალბათ, სწორედ ეს გარემოება წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ მიზეზს, რის გამოც რუსეთი გადაჭრით და ღიად ეწინააღმდეგება უკრაინის პრო-ატლანტიკურ კურსს.

 

    წიგნის მეორე ნაწილის სათაურია „შიდა ომი. ძალაუფლების კონსოლიდაცია" (მე-6-ე _ მე-9-ე თავები). ვან ჰერპენი თანმიმდევრულად აანალიზებს პუტინის მიერ საკუთარი ძალაუფლების განმტკიცების პროცესს და ზოგადად, იმ ტექნოლოგიებს, რომელსაც რუსეთის მმართველი ელიტა იყენებს საშინაო პოლიტიკაში. რუსეთის „მრავალპარტიული" საარჩევნო სისტემა, ავტორის აზრით, დიდად არ განსხვავდება ყოფილი აღმოსავლეთ გერმანიის კომუნისტური მრავალპარტიული სისტემისაგან: რუსეთში მოქმედებენ ყალბი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არა ამომრჩევლების, არამედ ელიტების ნება-სურვილს გამოხატავენ; ხოლო არჩევნებზე გაყალბებები ჩვეულებრივი მოვლენაა (გვ. 92 და შმდ.). ამას თან ერთვის ულტრანაციონალისტური იდეების ფართო გავრცელება რუსეთში (კაზაკთა სამხედრო შენაერთების აღორძინება და მათთვის განსაკუთრებული პრივილეგიების მინიჭება, გვ. 143 და შმდ.), სახელმწიფოს აღმასრულებელი შტოს უკიდურესი გაძლიერება, ახალგაზრდებით მანიპულირება და მათი გამოყენება პოლიტიკური მიზნებისათვის (ახალგაზრდული მოძრაობა „ნაში" ანუ „ჩვენები", გვ. 123 და შმდ.). ამრიგად, ვან ჰერპენის აზრით, რუსეთის ამჟამინდელი სახელმწიფო, თავისი არსებით, არადემოკრატიული და ავტორიტარულია, ხოლო რუსეთის მმართველი ელიტა ყველანაირად ეწინააღმდეგება ქვეყანაში ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ნებისმიერ მცდელობას.

 

    მესამე და დასკვნით ნაწილში („ომის ბორბლები", მე-10-ე _ მე-16-ე თავები) ვან ჰერპენი განიხილავს საბჭოთა კავშირის/რუსეთის მიერ XX ს-ის მეორე ნახევარში წარმოებულ ომებს: ცივი ომი (1945-1989 წწ.), ომი ავღანეთში (1979-1989 წწ.), ჩეჩნეთის პირველი ომი (1994-1996 წწ.), ჩეჩნეთის მეორე ომი (1999-2009 წწ.), ომი საქართველოსთან (2008 წ.). ჩეჩნეთთან მიმართებაში ვან ჰერპენი აღნიშნავს, რომ მეორე ომის დროს რუსეთის მხრიდან ჩადენილი დანაშაულები შესაძლოა კვალიფიცირდეს, როგორც  კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები (გვ. 199). იგი მიუთითებს შემდეგ ფაქტორებზე: გროზნოს უმოწყალო დაბომბვა, აკრძალული კასეტური ჭურვების გამოყენება, სამოქალაქო მოსახლეობის საჯარო დახვრეტები, გარდაცვლილთა გვამების აფეთქება (კვალის წაშლის მიზნით, რასაც ფაშისტებიც კი არ აკეთებდნენ), ორგანიზებული მაროდიორობა და სახელმწიფო ტერორი. ჩეჩნეთის ორივე ომს შეეწირა ქვეყნის მთელი მოსახლეობის დაახლოებით 15-20%, რაც, ვან ჰერპენის აზრით, საკმარისი საფუძველია იმისათვის, რათა რუსეთი ჩეჩნეთისათვის გენოციდის მომწყობ ქვეყანად ჩაითვალოს.

 

    ვან ჰერპენი საგანგებო ყურადღებას ამახვილებს დასავლეთის პასიურ პოზიციაზე ჩეჩნეთთან დაკავშირებით.  დასავლეთს სწამდა (ან სურდა, რომ დაეჯერებინა), რომ ჩეჩნეთის შესახებ რუსული პროპაგანდა ისლამური ტერორიზმის წინააღმდეგ წარმართული „გლობალური ომის" ნაწილი იყო. ის ფაქტი, რომ ევროპამ ჩეჩნეთში რუსეთის ქმედებებზე ადეკვატური რეაგირება არ მოახდინა (განსაკუთრებით, ევროსაბჭოს ფორმატში), სამარცხვინო ქმედებაა. რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულები დასავლეთისათვის მინიშნება უნდა ყოფილიყო იმის თაობაზე, თუ რას მოიმოქმედებდა რუსეთი მომავალში (გვ. 201).

 

    რუსეთ-საქართველოს ომს ვან ჰერპენი ყველაზე დეტალურად განიხილავს (გვ. 205-237). ომის რუსულ ვერსიას (რომლის თანახმად, საქართველო თავს დაესხა რუს სამშვიდობოებს) იგი „აქტიურ დეზინფორმაციას" უწოდებს: რუსეთმა ომის დაწყებისთანავე განახორციელა კიბერ-თავდასხმები ქართული სამთავრობო ინტერნეტ-გვერდების წინააღმდეგ, რაც ვერავითარ შემთხვევაში ვერ განხორციელდებოდა სათანადო მომზადების გარეშე. გარდა ამისა, რუსეთმა მოახერხა და შეცდომაში შეიყვანა დასავლური მედია, რომლის ბევრმა წარმომადგენელმა ირწმუნა, რომ „ომი ქართული შეტევით დაიწყო, რასაც რუსეთის მხრიდან პასუხი მოჰყვა". ვან ჰერპენი თვლის, რომ „ხუთდღიანი ომი",  გულდასმით ჩაფიქრებული ოპერაცია იყო, რომლის მზადებას რუსული მმართველობა ჯერ კიდევ 2000 წლიდან შეუდგა  (გვ. 206). აღნიშნულ კონფლიქტში ვან ჰერპენი სამ ფაზას გამოყოფს:

 

1.      რუსეთ-საქართველოს „ცივი ომი" (2000 წლის დეკემბერი - 2008 წლის გაზაფხული)

2.      „ნელთბილი ომი" (2008 წლის გაზაფხული - 2008 წლის 7 აგვისტომდე)

3.      „ცხელი ომი" (2008 წლის 7-12 აგვისტო)

 

    რუსეთ-საქართველოს „ცივი ომის" დასაწყისად ვან ჰერპენი რუსეთის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას მიიჩნევს (2000 წლის დეკემბერი). საქართველო დსთ-ს ერთადერთი ქვეყანა იყო, რომლის მიმართაც რუსეთმა მსგავსი ღონისძიება განახორციელა. 2002 წელს, როდესაც რუსეთმა აფხაზეთსა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთში" რუსული პასპორტების გაცემა დაიწყო, ანტი-ქართული პოლიტიკა ახალ ფაზაში შევიდა. ეს პოლიტიკა, რომლის მეშვეობითაც რუსეთმა საქართველოში თავისი მოქალაქეები „შექმნა", არა მხოლოდ აგრესიული და მტრული აქტი იყო, არამედ წარმოადგენდა საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას და შეიარაღებული თავდასხმისათვის მზადებას (გვ. 231).

 

    2006 წელს, როდესაც ქართულმა მხარემ ოთხი რუსული დიპლომატი რუსეთის საიდუმლო სამსახურებთან თანამშრომლობის ბრალდებით დააკავა, რუსეთმა გაწყვიტა საქართველოსთან საჰაერო და საგზაო მიმოსვლა, შეწყვიტა ქართველებზე ვიზების გაცემა და აკრძალა რუსულ ბაზარზე ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეტანა. 2007 წლის მარტში რუსულმა სამხედრო ვერტმფრენებმა დაბომბეს ქართული პოზიციები კოდორის ხეობაში, ხოლო 2008 წლის 6 მარტს რუსეთმა გააუქმა აფხაზეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციები. ეს იყო რუსეთის პასუხი 2008 წლის თებერვალში კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებაზე. 2008 წლის ნატო-ს ბუქარესტის სამიტის (2-4 აპრილი) შემდეგ, როდესაც ნათელი გახდა, რომ საფრანგეთისა და გერმანიის უარის გამო საქართველო და უკრაინა წევრობის სამოქმედო გეგმას (ე.წ. „მაპს", Membership Action Plan) ვერ მიიღებდნენ, რუსეთის პოზიცია უფრო აგრესიული გახდა. 2008 წლის აპრილში (ჯერ კიდევ) პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას და დაავალა რუსეთის მთავრობას უფრო მჭიდრო თანამშრომლობა აფხაზეთისა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის" დე-ფაქტო ხელისუფლებებთან.

 

    2008 წლის 1 მარტს რუსი გენერალ ვასილ ლუნიოვი, ციმბირის სამხედრო ოლქის მთავარსარდლის პირველი თანაშემწე 2003-2004 წლებში, ე.წ. „სამხრეთ ოსეთის" თავდაცვის მინისტრად დაინიშნა (!) ლუნიოვის ნამდვილი დანიშნულება, ვან ჰერპენის აზრით, ნათელი გახდა 2008 წლის 9 აგვისტოს, როდესაც იგი ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის 58-ე არმიის მთავარსარდლად დაინიშნა (გვ. 212).

 

    „ნელთბილი ომის" პერიოდში (აპრილი-მაისი) რუსეთი აგრძელებდა სამხედრო შენაერთების გაგზავნას სეპარატისტულ რეგიონებში.  ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა ივლისში, როდესაც საკმაოდ გახშირდა ცეცხლის გახსნის ფაქტები ე.წ. „სამხრეთ ოსეთის" დე-ფაქტო რესპუბლიკის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან. 2008 წლის 3 აგვისტოს როკის გვირაბის გავლით ე.წ. „სამხრეთ ოსეთის" ტერიტორიაზე რუსეთის 58-ე არმიის ხუთი ბატალიონი შევიდა. იმავე დღეს დე-ფაქტო ხელისუფლებამ დაიწყო ქალებისა და ბავშვების ევაკუაცია ცხინვალიდან.

 

    ამრიგად, ომის დაწყებამდე, საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებულ საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე იმყოფებოდა რუსეთის რეგულარული არმიის შენაერთები და არარეგულარული სამხედრო ქვედანაყოფები (მებრძოლები ჩეჩნეთიდან და ჩრ. ოსეთიდან). ამას წინ უსწრებდა რუსეთის მხრიდან პასპორტების უკანონო გაცემა საქართველოს ტერიტორიაზე და საქართველოს საჰაერო სივრცის მრავალჯერადი დარღვევა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების მიერ. ყოველივე ეს, ვან ჰერპენის აზრით, წარმოადგენდა casus belli-ს ანუ ომის გამოცხადების საბაბს საქართველოს მხრიდან, რაც სრულ თანხმობაში მოდის საერთაშორისო სამართალთან (გვ. 214-215).

 

    საერთო ჯამში, ვან ჰერპენი გამოყოფს ექვს ფაქტორს, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებს იმას, რომ რუსეთი დიდი ხნით ადრე ამზადებდა ამ ომს:

 

1.      საქართველოს სამთავრობო ვებ-გვერდებზე განხორციელებული კიბერ-თავდასხმები;

2.      „კავკაზ-2008" სამხედრო  წვრთნები, რომლებიც ომის დაწყებამდე ჩატარდა საქართველოს საზღვართან ახლოს;

3.      ცხინვალიდან მოსახლეობის ევაკუაცია ომის დაწყებამდე;

4.      ომის დაწყებამდე ორი დღით ადრე ცხინვალში რუსეთის წამყვანი ტელეარხებიდან და პრესიდან 50-მდე ჟურნალისტის ყოფნა;

5.      კაზაკების მხრიდან ომში მონაწილეობისათვის მზადება საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე;

6.      რეგულარული რუსული სამხედრო ქვედანაყოფების შესვლა ე.წ. „სამხრეთ ოსეთის" ტერიტორიაზე (გვ. 219).

 

    ვან ჰერპენი საგანგებო ყურადღებას ამახვილებს რუსულ პროპაგანდაზე, რომელიც ურცხვად და უტიფრად ბრალს სდებდა ქართულ ხელისუფლებას ზუსტად იმ ქმედებებში, რომლებსაც თავად რუსეთი ახორციელებდა ან რომლებიც რუსეთის უშუალო ხელშეწყობით ტარდებოდა (ეთნიკური წმენდა, გენოციდი, მშვიდობიანი მოსახლეობის დატერორება. სხვათა შორის, რუსული მედია დღესაც ზუსტად იგივეს იმეორებს, ოღონდ ამჯერად უკრაინასთან მიმართებაში). გარდა ამისა, ხუთდღიანი ომის პერიოდში რუსეთმა „მოასწრო" კასეტური ჭურვების გამოყენება რუისსა და გორში მშვიდობიანი სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ, რასაც, ქართველ მოქალაქეებთან ერთად, ემსხვერპლა ჰოლანდიელი ჟურნალისტი სტენ სტორიმანსი.

 

    ჩეჩნეთის ომის შემთხვევის მსგავსად, ვან ჰერპენი მწვავედ აკრიტიკებს ევროპის პოზიციას რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში. იგი პარალელს ავლებს 1938 წლის მოვლენებთან, როდესაც წამყვანი ევროპული სახელმწიფოების (განსაკუთრებით, ინგლისის) დათმობების შედეგად, ფაშისტურმა გერმანიამ ჩეხოსლოვაკიის ოკუპაცია მოახდინა (ოკუპაციის საბაბს „გერმანელი მოქალაქეების" უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენდა). რა შედეგი მიიღო ასეთი დათმობების შედეგად ევროპამ და ზოგადად, მსოფლიომ, ყველასთვის ცნობილია. ასევე, საქართველოსთან ომის შემდეგ რუსეთის მიმართ მხოლოდ სიმბოლური აქციები გატარდა. ომის მიუხედავად, რუსეთისთვის ევროსაბჭოს წევრობა არც კი შეუჩერებიათ. ასეთი პოლიტიკა, ვან ჰერპენის აზრით, ევროპას, შესაძლოა, სანანებელი გაუხდეს. უახლესი მაგალითიც აშკარაა: ამჟამად ომი უკვე უკრაინაში მძვინვარებს.

 

    2011 წლის 21 ნოემბერს, ვლადიკავკაზში 58-ე არმიის შტაბში სტუმრობისას პრეზიდენტმა მედვედევმა განაცხადა, რომ 2008 წელს რუსეთს რომ არ ემოქმედა, მაშინ რეგიონში განსხვავებული გეოპოლიტიკური ვითარება იქნებოდა და ზოგიერთი ქვეყანა ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრი გახდებოდა. ამრიგად, ვან ჰერპენის მიხედვით, 2008 წლის რუსული აგრესიის მთავარი მიზანი საქართველოსთვის ნატოს წევრად გახდომის შანსების მოსპობა თუ არა, მინიმუმამდე დაყვანა მაინც იყო (გვ. 233).

 

    ნაშრომის დასკვნაში ვან ჰერპენი პროგნოზირებს: „თუკი უკრაინა ევროკავშირთან ინტეგრაციის გაღრმავებას მოისურვებს, მაშინ გამორიცხული არ არის ქართული სცენარის გამეორება. კრემლს შეუძლია, გამოიწვიოს მღელვარებები აღმოსავლეთ უკრაინაში ან ყირიმში, სადაც ბევრ მოქალაქეს რუსული პასპორტი აქვს. ეს რუსეთს, „საკუთარი მოქალაქეების დაცვის" მოტივით, უკრაინაში ინტერვენციისა და ქვეყნის დანაწევრების საბაბს მისცემს. სამწუხაროდ, ასეთი სცენარი გამორიცხული არ არის". დაბოლოს, თავის ნაშრომს ვან ჰერპენი ჩეხეთის პრეზიდენტის, ვაცლავ ჰაველის სიტყვებით ასრულებს: „ხშირად მითქვამს: თუკი დასავლეთი არ მოახდენს აღმოსავლეთის სტაბილიზებას, მაშინ აღმოსავლეთი მოახდენს დასავლეთის დესტაბილიზებას." ვან ჰერპენი თვლის, რომ ეს გაფრთხილება სერიოზულად უნდა იქნეს აღქმული.

 

    მართლაც სამწუხაროა,  რომ ვან ჰერპენის პროგნოზი ახდა; თან, არა მხოლოდ აღმოსავლეთ უკრაინასა „ან" ყირიმთან, არამედ ორივე რეგიონთან მიმართებაში. ყირიმის ეფექტური ოკუპაციის შემდეგ რუსეთის ხელისუფლება ღიად უჭერს მხარს სეპარატისტებს აღმოსავლეთ უკრაინაში (ისევე, როგორც თავის დროზე აფხაზ და ოს სეპარატისტებს) და, ამავე დროს, მთელ პასუხისმგებლობას უკრაინის ხელისუფლებას აკისრებს. უკრაინელი ნაციონალისტები, რომლებსაც საკუთარი ქვეყნის დაქუცმაცება არ სურთ, თურმე „ფაშისტები" არიან, ხოლო მეამბოხეები და სეპარატისტები - „გამათავისუფლებლები" და „მხსნელები".

 

    ვან ჰერპენის ნაშრომს დერეკ გრეგორის „კოლონიურ აწმყოს" (2004 წ.) შევადარებდი. მართალია, უკანასკნელი ნაშრომი თეორიულად გაცილებით ღრმაა, თუმცა ჩემთვის არსებითია ერთი მომენტი: როგორც გრეგორი, ასევე, ჰერპენი დაუნდობლად ამხელენ იმპერიალიზმის ბოროტ ბუნებას და მისი კონკრეტული გამოვლინებების დოკუმენტირებას ახდენენ. რუსული იმპერიალიზმის უტიფარი ბუნება, ამერიკული იმპერიალიზმისაგან განსხვავებით, აკადემიურ წრეებში, ჩემი აზრით, ჯეროვანი ყურადღების ღირსი ჯერ არ გამხდარა. საჭიროდ მიმაჩნია აღნიშნული საკითხების უფრო სიღრმისეული, თეორიული ანალიზი, რომელიც  იმპერიალისტური დისკურსის ფუნქციონირებას განსხვავებულ განზომილებებში გამოავლენს. ეს აუცილებელიცაა, რადგან მხოლოდ ასე შეიძლება ფაქტების და სტატისტიკის მიღმა მდებარე ძალაუფლებრივი მიმართებების ქსელის გამოააშკარავება.

 

    ვან ჰერპენის წიგნის ღირსებას წარმოადგენს ის, რომ ავტორი თანმიმდევრულად აანალიზებს რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკას და მის საფუძველმდებარე კონტექსტებზე მიუთითებს. რადგან ნაშრომის ტონი მკვეთრია, ზოგიერთ მკითხველს შესაძლოა, ის ცალმხრივადაც მოეჩვენოს. ეს ასეც არის, თუმცა, ჩემი აზრით, ამას ნაკლად ვერ ჩავთვლით, რადგან ნაშრომი იმპერიალისტური პოლიტიკის გამოააშკარავებას ისახავს მიზნად. აქ კი არათანმიმდევრულობა უფრო მიუტევებელია, ვიდრე ცალმხრივობა. ნებისმიერ შემთხვევაში, „პუტინის ომები" კარგი მეგზურია იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც სურთ, ანტი-იმპერიალისტური არგუმენტები კომპაქტური სახით თან იქონიონ.  ნათელი სტილი, აზრების მწყობრი განვითარება და ნაშრომის, როგორც მთლიანობის განცდა ვან ჰერპენის წიგნს დამატებით ღირსებას სძენს. ვფიქრობ, რომ ეს ნაშრომი შესაშნიშნავი „ცივი შხაპი" იქნება მათთვის, ვისაც ჯერ კიდევ სწამს, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკა საერთაშორისო მშვიდობისა და რეგიონალური სტაბილურობის მიღწევისკენაა მიმართული.

 

გიორგი თავაძე

გაზიარება
დაბეჭდვა
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
13448554

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By