ENG

ქეთუსია იგნატოვა

ჩემი შვილი მართალი ყოფილა!

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტ “ALMA MATER”-ის სატელევიზიო შემოქმედებითი სახელოსნოს, მისი ხელმძღვანელის თემურ ფაფერაშვილის შესახებ ჩემი უფროსი ქალიშვილისგან არაერთხელ მსმენია და მისი ხასიათის კრიტიკულობიდან გამომდინარე, შვილის აღფრთოვანებით-მადლიერ-პატივისცემითი შეფასებები, ტონი, უნდა გამოგიტყდეთ, მიკვირდა კიდეც. ამ თვეში ფაფერაშვილის მიწვევით სტუდიის წლიურ მუშაობასთან გაცნობის პერმანენტული საშუალება მომეცა. მაისის თვის თითქმის ყოველ შაბათ დღეს სტუდიაში მივდიოდი და სტუდენტების ჯერ თეორიულ, მერე პრაქტიკულ და ბოლოს კი შემაჯამებელ საუკეთესო ნამუშევრებს ვნახულობდი.

უნდა გამოგიტყდეთ, რომ ჩემი შვილის შეფასების სიზუსტეში სრულიად დავრწმუნდი. ასეთი თეორიული ბაზით, შემოქმედებითი პროცესით, მათი ერთობლიობით, დღევანდელი ტელეარხების უმეტესობა ნამდვილად ვერ დაიკვეხნის. აშკარად გამოხატული ინდივიდუალიზმი, აზროვნება, მრავალმხრივი ხედვა, მკაფიო პოზიცია, ღირებულებები, კონცეფციის აუცილებლობა, სხვადასხვა სახის პროფესიონალური უნარები, შესანიშნავი მონტაჟი, მხატვრული ოპერატორული ნამუშევარი, გემოვნებიანი მუსიკალური რედაქტირება, საინტერესო რეჟისურა და, რა თქმა უნდა, ახალგაზრდული ჟინი, ენთუზიაზმი, ხალისი და, თუ გნებავთ, მაქსიმალიზმიც, სტუდიის აღსაზრდელების თითოეულ ნამუშევარს ახასიათებდა.

კონტრასტებზე აგებული მძაფრი სოციალური პრობლემები, უსინათლო ბავშვების სკოლა, ქალთა ციხე, “მასკულტურა” და მისი გაორება, ღამის ან წელიწადის სხვადასხვა დროის თბილისის ჩანახატები, თვითკმაყოფილი, ნარცისიზმით შეპყრობილი პოლიტიკოსის ან შიო მღვიმელის სათნო, კეთილშობილი მოხუცი ქალიშვილის პორტრეტი, თურქეთში მცხოვრები ლაზი მომღერალი, თბილისის ქუჩების მათხოვრები, ღამის სატვირთო მატარებლის მძიმე რეალობა – ეს იმ თემების ნაწილია, რომლებიც “ALMA MATER”-ის თითოეულმა სტუდენტმა თავისებურად დაინახა, დაინტერესდა, გააანალიზა და მოგვაწოდა.

მოკლე ტელესიუჟეტებიდან ზოგიერთი ცრემლს მოგრევს, ზოგიერთს ეთანხმები და ზოგს არა, ვიღაცას გაყვარებს, გაცნობს, ვიღაცაზე აზრი გეცვლება, ზოგი რამით ამაყობ, ზოგი – გტკივა, მაგრამ ყველა მათგანი იმ ნაფიქრით, ანალიზით არის გამსჭვალული, რომელიც დღეს ზოგადად დიდ დეფიციტს წარმოადგენს. სრულიად დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ამ სადიპლომო-საკურსო ნამუშევართა უმეტესობა ნებისმიერ წამყვან ტელეარხს დაამშვენებდა. მას უფრო საინტერესოს, ღრმას, მოაზროვნეს, ახალგაზრდულსა და შემოქმედებითს გახდიდა. თემურ ფაფერაშვილის სატელევიზიო სახელოსნოს, მისი აღსაზრდელების ნამუშევრების მეშვეობით მე პირადად, რეალურად დავინახე, რომ აქ მიმნდინარეობს სწორი, გემოვნებიანი, დახვეწილი შემოქმედებითი პროცესი, რომლის შედეგად ქართული ტელესივრცე, ადრე თუ გვიან, მართლაც რომ სანდო ხელში აღმოჩნდება.

 

გაზიარება
დაბეჭდვა
მიზნობრივი ბმულები
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
10887316

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By