ENG

გრიგოლ რობაქიძის ბიოგრაფია

გრიგოლ რობაქიძემ ქართულ საზოგადოებაში ადგილი დაიმკვიდრა, როგორც პოეტმა, მოაზროვნემ, პუბლიცისტმა და, უპირველეს ყოვლისა, ფილოსოფოსმა.
 
გრიგოლ რობაქიძე საქართველოში დასავლური აზროვნების შემომტანად იყო აღიარებული, დასავლეთში – აღმოსავლური ეგზოტიკისა. იგი ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც წინ აღუდგა საბჭოურ დიქტატორულ რეჟიმს და 1931 წელს გერმანიას შეაფარა თავი.
 
იგი ახალგაზრდობამ აღიქვა როგორც სიმბოლო თავისუფალი აზრისა და ბოროტების იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლისა. ალბათ, ამიტომ გააკეთეს უნივერსიტეტის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა არჩევანი სწორედ გრიგოლ რობაქიძეზე, როდესაც გამოცხადდა კონკურსი, თუ ვისი სახელი უნდა მინიჭებოდა უნივერსიტეტს.
 
გრიგოლ რობაქიძე დაიბადა 1880 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოს ულამაზესი კუთხის – იმერეთის პატარა სოფელ სვირში. 1901 წელს ქუთაისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ რობაქიძე იურიევის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ხდება. ოთხი თვის შემდეგ იგი სწავლას გერმანიაში, ლაიფციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე აგრძელებს. იგი არ აბარებს ლაიფციგის უნივერსიტეტის დამამთავრებელ გამოცდებს და მიემგზავრება პარიზს. წელიდწადნახევრის შემდეგ პარიზიდან სამშობლოში ბრუნდება. 1910 წელს, 30 წლის ასაკში, კვლავ ბრუნდება იურეიევის უნივერსიტეტში. დამამთავრებელ სემესტრს ყაზანის უნივერსიტეტში მოისმენს, თუმცა არც ამ უნივერსიტეტს ამთავრებს, ვინაიდან 1914 წელს პირველი მსოფლიო ომი დაიწყო.
 
გრიგოლ რობაქიძემ კომუნისტური რეჟიმის პირობებში 10 წელი იცხოვრა. უშიშროების ორგანოები სულ უფრო და უფრო ავიწროვებდნენ. მის შემოქმედებაში პოულობდნენ საბჭოური იდეოლოგიისათვის მიუღებელ იდეებს. სწორედ ამიტომ თავისუფლებისმოყვარე რობაქიძემ თავი გერმანიას შეაფარა. მწერლის ძირითადი ლიტერატურულ-მხატვრული და პუბლიცისტური ნაშრომები სწორედ გერმანიაში შეიქმნა. 1931-45 წლებში მან გერმანულად გამოაქვეყნა: “მეგი”, “ჩაკლული სული”, “ქალღმერთის ძახილი”, “მცველნი ბრალისა”, “დემონი და მითოსი”, “ადოლფ ჰიტლერი”, “მუსოლინი”, ბევრი საგაზეთო წერილი, ლექსები და ა.შ. ხოლო მანამდე საქართველოში შეიქმნა მისი დრამები “ლონდა”, “მალშტრემ”, “ლამარა”, რომანი “გველის პერანგი”, ლექსები, პუბლიცისტური, კრიტიკული და ლირიული წერილები.
 
მისი ნაწარმოებების ძირითადი მიზანია, აჩვენოს საზოგადოებას, როგორ ხრწნის ადამიანის სულს დიქტატორული, არადემოკრატიული სახელმწიფოებრივი სისტემა, ხოლო ფილოსოფიურ ესეებში იგი ქმნის ცნობილი მოღვაწეების ორიგინალურ და მეტად საყურადღებო პორტრეტებს, ეხმაურება მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებს. მის აზრებს უყურადღებოდ არ ტოვებდნენ იმჟამინდელი პოლიტიკოსები. გრიგოლ რობაქიძის აზრები დღესაც ინარჩუნებს აქტუალობას.
 

გრიგოლ რობაქიძე 1962 წლის 19 ნოემბერს, 82 წლის ასაკში, ჟენევაში გარდაიცვალა, ორი დღის შემდეგ, რაც 32 წლის გრაფინია გიტა ფონ შტრახვიტსთან შეთანხმდა მესამე ქორწინებაზე.

 

გაზიარება
დაბეჭდვა
უნივერსიტეტი
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
10585497

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By