გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის

ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა

კვლევითი ინსტიტუტის

 

წესდება

 

1. ზოგადი დებულებები

 

1. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტი (შემდგომში „ინსტიტუტი") არის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამეცნიერო პოტენციალის რეალიზების, სტუდენტებში კვლევითი უნარ-ჩვევების ფორმირებისა და განვითარების მიზნით შექმნილი სტრუქტურული ერთეული.

 

2. წესდების სამართლებრივი საფუძვლებია:

(ა) საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ;

(ბ) გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის წესდება;

(გ) გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის შინა განაწესი.

 

2. ინსტიტუტის მიზნები და ამოცანები

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტი მიზნად ისახავს - საქართველოში მიმდინარე საგანმანათლებლო რეფორმის პირობებში - ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის აკადემიური და კვლევითი პროცესის ჰარმონიზაციას; ამის შესაბამისად, ინსტიტუტს შემდეგი მიზნები და ამოცანები აქვს დასახული:

 

1. ქართულ ფილოსოფიასა და სოციალურ მეცნიერებებში არსებული კვლევის დეფიციტური მდგომარეობის დაძლევა და ამ მიმართულებებით სამეცნიერო დონის ამაღლება;

2. თანამედროვე ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა უახლესი მიმართულებების, აქტუალური თემებისა და კონცეფციების დამუშავება-ანალიზი. XXI საუკუნეში სამყაროს გლობალური პრობლემების ღრმა ფილოსოფიური და სოციოლოგიური გამოკვლევა;

3. ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა განხრით ახალი სასწავლო-საკვლევი მეთოდოლოგიის შემუშავება. ინსტიტუტში წარმოებული კვლევის შედეგების დანერგვა სასწავლო პროცესში;

4. საზოგადოებრივ მოთხოვნილებებზე პირდაპირ თუ ირიბად ორიენტირებული სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის შექმნა;

5. ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კუთხით წარმატებული კვლევებისთვის ოპტიმალური პირობების შექმნა;

6. ფილოსოფიასა და სოციალურ მეცნიერებათა სფეროში მკვლევართა ახალი თაობების მომზადება და შესაბამისი სადოქტორო პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

7. უცხოეთის კვლევით დაწესებულებებთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა.

 

3. ინსტიტუტის სტრუქტურა

 

1. ინსტიტუტი მუშაობას ახორციელებს - საკუთარი წესდების საფუძველზე - შემდეგი განყოფილებების მეშვეობით:

 

I. თანამედროვე ფილოსოფიისა და სოციოლოგიის განყოფილება;

II. ფილოსოფიის ისტორიის განყოფილება;

III. კულტურის მეცნიერებათა განყოფილება;

IV. პოლიტიკურ მეცნიერებათა განყოფილება;

V. ფილოსოფიურ-სოციოლოგიური აზრის თარგმანის განყოფილება.

 

2. ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევით ინსტიტუტს მართავს ინსტიტუტის დირექტორი, რომელსაც ამტკიცებს აკადემიური საბჭო უნივერსიტეტის რექტორის წარდგინებით;

3. ინსტიტუტის საშტატო განრიგს ადგენს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ინსტიტუტის დირექტორის წარდგინების საფუძველზე;

4. ინსტიტუტსა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სხვა ერთეულებს შორის ურთიერთობა განისაზღვრება უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად;

5. ინსტიტუტის მოთხოვნილებების მიხედვით შეიძლება შეიქმნას სხვა საჭირო სტრუქტურები (ახალი განყოფილებები, ჯგუფები, პროგრამები და ა.შ.), რომლის ხელმძღვანელებიც ინსტიტუტის დირექტორის მიერ ინიშნება. ინსტიტუტის მართვის ორგანო არის დირექტორატი, რომელიც უფლებამოსილია, რომ განსაზღვროს ინსტიტუტის მუშაობისთვის საჭირო ღონისძიებები;

6. ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლის შტატი ყალიბდება უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალიდან და/ან გარეშე მეცნიერ-მკვლევარებისაგან;

7. ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლის ხელფასს განსაზღვრავს უნივერსიტეტი.

 

 

4. ინსტიტუტის დირექტორი

 

1. ინსტიტუტის დირექტორი განსაზღვრავს ინსტიტუტის დირექტორატის პერსონალს (დირექტორის მოადგილე, დირექტორის თანაშემწე და ა.შ.) და ნიშნავს ინსტიტუტის შემადგენელი განყოფილების გამგეებს;

2. გასცემს ინსტიტუტის საქმიანობასთან დაკავშირებულ განკარგულებებს;

3. ხელმძღვანელობს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს და იწვევს მის სხდომებს.

 

5. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო

 

1. ინსტიტუტის მთავარი მრჩეველი ორგანო არის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო;

2. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო განსაზღვრავს ინსტიტუტის სტრატეგიას, სამუშაო გეგმას და პრიორიტეტულ კვლევით მიმართულებებს;

3. სამეცნიერო საბჭო იღებს გადაწყვეტილებას ინსტიტუტის გამოცემათა და სხვა სამეცნიერო გეგმების შესახებ;

4. სამეცნიერო საბჭო იღებს გადაწყვეტილებას ინსტიტუტის წესდებაში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების შესახებ;

5. სამეცნიერო საბჭო ისმენს განყოფილების გამგეების ანგარიშს მათი საქმიანობის შესახებ;

6. სამეცნიერო საბჭოში შედიან: ინსტიტუტის დირექტორი, განყოფილების გამგეები და ინსტიტუტის ქართველი და უცხოელი საპატიო წევრები;

7. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს უცხოელი წევრები მონაწილეობას იღებენ ინსტიტუტის საქმიანობაში. თანამშრომლობა შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული საშუალებების გამოყენებით;

8. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით.

 

6. ინსტიტუტის საკუთრება და ფინანსები

 

1. ინსტიტუტის ქონება არის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საკუთრება, თუკი საქმე არ ეხება სპონსორთა მიერ ცალსახად განსაზღვრული მიზნებისთვის გამოყოფილ ტექნიკურ საშუალებებს, ნივთებს და ა.შ.;

2. ინსტიტუტის ტექნიკური აღჭურვა ხდება გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სახსრებითა და სხვა დამხმარე საშუალებებით (გრანტები და ა.შ.);

3. ინსტიტუტის მიერ განსაზღვრული მიზნებისთვის მოპოვებული ფულადი სახსრების განკარგვა ხდება გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის წესდებისა და სპონსორთა მოთხოვნების საფუძველზე;

4. მოპოვებული ფულადი სახსრები უნდა ემსახურებოდეს ინსტიტუტის ტექნიკურ მოწყობასა და ინსტიტუტის წევრთა კვლევის დაფინანსებას;

5. ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევები ფინანსდება როგორც უნივერსიტეტის სახსრებით, პროგრამული დაფინანსების წესით, შიდა საგრანტო კონკურსის შედეგების საფუძველზე, ისე სხვადასხვა ფონდებიდან მოზიდული/მოპოვებული სახსრებით.

 

7. ინსტიტუტს აქვს საკუთარი ბეჭედი, ბლანკი და პუბლიკაციის ორგანოები

 

1. ინსტიტუტის პუბლიკაციის მთავარი ორგანოებია:

(ა) ფილოსოფია, სოციოლოგია, მედიის თეორია. სამეცნიერო სერია საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭოთი";

(ბ) ფილოსოფია-სოციოლოგიის კლასიკური და თანამედროვე ტექსტები. თარგმანები";

(გ) „ფილოსოფია და სოციოლოგია დღეს";

(დ) „ფრიდრიხ ნიცშე. რჩეული თხზულებები. აკადემიურ-კრიტიკული გამოცემა ქართულ ენაზე";

(ე) „Noema. Deutsch-Georgisches Jahrbuch für Philosophie und Sozialwissenschaften".

 

8. ინსტიტუტის დაარსება და გაუქმება

 

1. ინსტიტუტს აფუძნებს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით;

2. ინსტიტუტის წესდებას ამტკიცებს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო;

3. ცვლილებანი ინსტიტუტის წესდებაში შეაქვს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს და ინსტიტუტის დირექტორის წარდგინების საფუძველზე ამტკიცებს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო;

4. ინსტიტუტის გაუქმება ხორციელდება ინსტიტუტის საერთო კრებისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე; ინსტიტუტის გაუქმების წინაპირობა შეიძლება იყოს მხოლოდ ინსტიტუტის მიერ წარმოებული არანაყოფიერი საქმიანობა.

 

9. ინსტიტუტის განთავსება

 

ინსტიტუტის განთავსების საკითხს წყვეტს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი. ინსტიტუტის ამჟამინდელი მისამართია:

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

II სართული

ჯანო ბაგრატიონის ქ. 6

0160 თბილისი, საქართველო

 

10. დასკვნითი დებულებები

 

1. წესდება ძალაში შედის დამტკიცებისთანავე.

 

 

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის

რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე

 

ქ. თბილისი, 28.09.2007 (ოქმი, № 5)

 

 

გაზიარება
დაბეჭდვა
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
11356686

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By