ჰელმუტ შნაიდერი

დაიბადა 1938 წელს კრონახში.
 
1967 წელს მან გამოჩენილ გერმანელ ფილოსოფოსთან, პროფესორ მაქს მიულერთან დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: “სისტემისა და ისტორიის ფილოსოფიის მიმართება, როგორც მეთოდის პრობლემა”.
 
1988-2003 წ.წ.-ში იგი იყო ჰეგელის არქივის დირექტორი. პროფესორი შნაიდერი სამი მნიშვნელოვანი აღმოჩენის ავტორია. 1971 წელს მან აღმოაჩინა ჰეგელის “ლოგიკის მეცნიერების” პირველი ტომის მე-2-ე, 1832 წლის გამოცემა. ამით ჰეგელის ლოგიკის კვლევისათვის ახალი ტექსტუალური ბაზისი შეიქმნა.
 
1978 წელს პროფესორმა შნაიდერმა ხელახლა აღმოაჩინა “გერმანული იდეალიზმის სისტემის უძველესი პროგრამა” კრაკოვში (პოლონეთი), რომელიც მანამდე დაკარგულად ითვლებოდა. ეს ტექსტი უაღრესად მნიშვნელოვანია გერმანული იდეალიზმის შემდგომი განვითარების გასაგებად. დაბოლოს, ჰელმუტ შნაიდერის მონაპოვარს წარმოადგენს, აგრეთვე, ჰეგელის ესთეტიკის ლექციების ჩანაწერების (1820-1821 წ.წ.-ის ზამთრის სემესტრი) ერთადერთი ვერსიის აღმოჩენა და გამოცემა. აღნიშნულმა გამოცემამ მნიშვნელოვნად შეასწორა ჰეგელის ესთეტიკის ადრეული გამოცემები და ჰეგელის ესთეტიკის განვითარებაზე (ბერლინის პერიოდი) უფრო სრულყოფილი ცოდნა მოგვცა. ჰელმუტ შნაიდერი არის ჰეგელის კვლევისადმი მიძღვნილი ცნობილი სამეცნიერო გამოცემების “ჰეგელიანასა” და “ჰეგელის წელიწდეულის” რედაქტორ-გამომცემელი.
 
 1999 წელს პროფესორმა შნაიდერმა ვროცლავის (ბრესლაუ) უნივერსიტეტში წარადგინა და დაიცვა საჰაბილიტაციო ნაშრომი: “სული და ისტორია. კვლევები ჰეგელის ფილოსოფიის შესახებ.”
 
პროფესორი შნაიდერი აქტიურადაა დაინტერესებული აზიური ფილოსოფიით. 1991 წელს მან დააარსა “აზიური ფილოსოფიის შემსწავლელი საზოგადოება”, რომელიც ინტერკულტურულ (ევროპულ-აზიურ) ფილოსოფიურ კვლევებს ახორციელებს.
 
2009 წლიდან ჰელმუტ შნაიდერი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სრული პროფესორი და ამავე უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის ფილოსოფიის ისტორიის განყოფილების გამგეა (გერმანული იდეალიზმისა და ესთეტიკის კუთხით).
 
2009 წლის 19 ნოემბერს ჰელმუტ შნაიდერმა მონაწილეობა მიიღო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც ფილოსოფიის მსოფლიო დღეს ეძღვნებოდა (კონფერენციის ორგანიზატორი: გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტი). მისი მოხსენების თემა ასეთი იყო: “თავისუფლების ისტორია ჰეგელთან”.
 
2009 წლის 20-21 ნოემბერს პროფ. შნაიდერმა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩაატარა რამდენიმე დღიანი სემინარი “ანთროპოლოგიური მუდმივები ჰეგელის სამართლის ფილოსოფიაში: მე _ პიროვნება _ საკუთრება _ თავისუფლება”, ხოლო 2009 წლის 26 ნოემბერს კი წაიკითხა მოხსენება თემაზე: “ფილოსოფიური გეოგრაფია: წყლის მნიშვნელობა ისტორიისათვის _ ევროპა და აზია”.

 

გაზიარება
დაბეჭდვა
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
11260431

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By