ადგილი და იდენტობა

 

 

იდენტობის კვლევა თანამედროვე სამყაროში ერთობ აქტუალურია. იდენტობა არ არის ერთხელ და სამუდამოდ მოცემული და უცვლელი: ის განუწყვეტლივ ფორმირდება სოციალური ინტერაქციების შედეგად. სოციალური ინტერაქციები ყოველთვის კონკრეტულ ადგილზე ხორციელდება. ამდენად, არსებობს მნიშვნელოვანი კავშირი იდენტობასა და ადგილს შორის.

 

ფილოსოფიურ გეოგრაფიაში ადამიანის ექსისტენციალური (სასიცოცხლო) სივრცის ცნებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. როგორ აგებს ადამიანი თავის ექსისტენციალურ სივრცეს? რა მნიშვნელობა ენიჭება ადგილს ადამიანის ექსისტენციალური სივრცისათვის? ადგილი ამ შემთხვევაში გაიგება, არა როგორც უბრალო ფიზიკური ადგილმდებარეობა, არამედ ის სივრცე, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს, სადაც ის ექსისტენციალურად ჩართულია და რომელსაც ის სუბიექტურ ღირებულებებსა და მნიშვნელობებს ანიჭებს.

 

შესაბამისად, ადგილი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს იდენტობაზე და იდენტობის ჩამოყალიბების პროცესზე. ხშირ შემთხვევაში ადგილი, თავისი შემადგენელი ელემენტებით (შენობები, ეკლესიები, წმინდა ადგილები, მოედნები, ბორცვები და ა.შ.) გადამწყვეტ ზეგავლენას ახდენს ადამიანის იდენტობის ფორმირებაზე. სოციოლოგიისა და ფილოსოფიური გეოგრაფიისათვის თანაბრად საინტერესოა, როგორ ვლინდება ადგილზე მცხოვრები/ადგილში ჩართული ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში ის სტრუქტურები, რომლებიც ადამიანისა და მისი გარემომცველი სამყაროს ურთიერთქმედების საფუძვლად გვევლინება. სოციოლოგიას აინტერესებს საკითხის სოციალური მხარე (ადგილის გავლენა იდენტობის ფორმირების პროცესზე), ფილოსოფიურ გეოგრაფიას – ის ექსისტენციალური/სასიცოცხლო ველი, რომელშიც თავს იჩენს ადგილისადმი მიჯაჭვულობა, ადგილისადმი მიკუთვნებულობა.

 

აღნიშნული საკითხების გამოსაკვლევად გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტი ახორციელებს გრძელვადიან პროექტს „ადგილი და იდენტობა“, რომლის მიზანია ადგილისა და იდენტობის ურთიერთკავშირის შესწავლა. პროექტის ფარგლებში 2012 წლის ზაფხულში (01.07-05.09), გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის დაფინანსებით, ჩატარდა სამეცნიერო-კვლევითი ექსპედიცია პირიქითა ხევსურეთში. ექსპედიციაში მონაწილეობდნენ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სოციოლოგიის, ჟურნალისტიკისა და ტურიზმის მიმართულების სტუდენტები. ექსპედიციას ხელმძღვანელობდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი გიორგი თავაძე.

 

ექსპედიციის ფარგლებში ჩაწერილ იქნა სიღრმისეული ინტერვიუები ადგილობრივებთან და აქტიურად იქნა გამოყენებული ჩართული დაკვირვების მეთოდი. ექსპედიციის დასრულების შემდეგ უნივერსიტეტში მოეწყო ექსპედიციის ამსახველი სურათების ფოტოგამოფენა, ექსპედიციის შედეგების პრეზენტაცია საკონფერენციო დარბაზში, მოხდა ექსპედიციის ამსახველი დოკუმენტური ფილმის მონტაჟი და მისი პრეზენტაცია; კრებულის სახით გამოიცა ექსპედიციის შედეგები, სადაც შესულია ექსპედიციის მონაწილეთა შთაბეჭდილებები. ექსპედიციის შედეგები ექსპედიციის ხელმძღვანელმა შეაჯამა თავის ნაშრომში „შატილი ფილოსოფიური გეოგრაფიის პერსპექტივიდან“.

 

2013 წლის ზაფხულში (20.07-4.08), ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის დაფინანსებით, ასისტენტ-პროფესორი გიორგი თავაძე კვლავ გაემგზავრა ხევსურეთში (ბარისახო - ქობულო - კისტანი - შატილი - მუცო - არდოტი), სადაც განაგრძო კვლევა  პროექტ „ადგილი და იდენტობა“-ს ფარგლებში.  

 

2014 წელს პროექტის ფარგლებში გიორგი თავაძე იმყოფებოდა სოფ. კისტანსა და მუცოში (19.07-27.07), ხოლო 2015 წელს - სოფ. კისტანში (16.07-26.07).

 

 

ამჟამად მიმდინარეობს ექსპედიციის შედეგების დამუშავება. 2016 წელს იგეგმება ექსპედიციის შედეგების შემაჯამებელი ნაშრომის გამოცემა.

 

სამეცნიერო–კვლევითი ექსპედიცია ხევსურეთში (სტუდენტთა შთაბეჭდილებები)

 

დოკუმენტური ფილმი „ექსპედიცია ხევსურეთში - 2012“

 

 

გაზიარება
დაბეჭდვა
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
10914032

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By